„მეკარისთვის მთავარი დარტყმების მოგერიებაა“ | არნე სლოტის პრესკონფერენცია
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, „სანდერლენდთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელ სპეციალისტს ალისონ ბეკერის შესახებ ჰკითხეს და სლოტმა მეკარისთვის ყველაზე საჭირო თვისება დაასახელა.
ალისონის პასები „ლივერპულს“ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ძალიან ეხმარებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის ისეთი ზუსტი ვეღარაა, როგორიც ადრე იყო. მიმდინარე სეზონში მას პასების სიზუსტის ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს, რაც კი ჰქონია. რამდენად დიდი პრობლემაა ეს თქვენთვის?
„თუ ამ საკითხზე ვლაპარაკობთ, დეტალებს უნდა ჩავუღრმავდეთ. შესაძლოა, ახლა უფრო მეტ გრძელ პასს აკეთებს, ვიდრე ადრე, რაც სიზუსტის პროცენტს მაღლა ნამდვილად არ სწევს. ალისონთან წელიწად-ნახევარია ვმუშაობ და გასულ სეზონშიც იგივე გოლკიპერი იყო, როგორიც ახლაა.
ზოგჯერ სტატისტიკა შეიძლება დაგეხმაროს, ზოგჯერ — პირიქით. ბოლო შეხვედრაში ალისონს კარგი პროცენტი არ ჰქონია, რადგან ორივე გუნდი მაღალ და აგრესიულ პრესინგს თამაშობდა. როდესაც მეტოქე დაბალ ბლოკს იყენებს, გოლკიპერს შეუძლია, მცველებს მოკლე პასი მისცეს და პროცენტი აიმაღლოს. ნებისმიერ შემთხვევაში მეკარისთვის მთავარი დარტყმების მოგერიებაა. ყოველთვის ასე იყო და ამ მხრივ ალისონი ძალიან მაგარია“, — განაცხადა სლოტმა.
ცნობისთვის, „ლივერპულს“ 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს. მერსისაიდელებისა და „სანდერლენდის“ დაპირისპირება 11 თებერვალს გაიმართება.