„რეალმა მსაჯები გადაიმტერა და ეს გენერალი მბაპეს დამსახურებაა“ - პსჟ-ს ყოფილი მოთამაშე
„სენტ-ეტიენისა“ და პსჟ-ს ყოფილმა ნახევარმცველმა, ჟან-მიშელ ლარკემ, კილიან მბაპეს საქციელზე ისაუბრა, რომელიც მან ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩში, „რეალსა“ და „ვალენსიას“ (2:0) შორის გამოიჩინა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მთავარმა არბიტრმა ხავიერ ალბეროლა როხასმა ფრანგ ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მბაპემ მეოთხე მსაჯს, დავიდ კამბრონერო გონსალესს, მიღებული გადაწყვეტილების განმარტება სთხოვა. მსაჯმა განაცხადა, რომ მზად იყო ეს ეპიზოდი ტრიბუნებისქვეშა სივრცეში განეხილათ, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებამდე მბაპეს განმეორებით თხოვნაზე არ უპასუხა, რის შემდეგაც ფრანგმა მას „კლოუნი“ უწოდა.
„უკვე გარკვეული დროა, რაც „რეალმა“ მსაჯები თავის დაუძინებელ მტრებად აქცია და მაქვს მყარი შეგრძნება, რომ ამ ამბოხს სწორედ გენერალი მბაპე უდგას სათავეში.
მბაპეს იმიჯი დღეს უკეთესია, ვიდრე ორი ან სამი წლის წინ? არა, და ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს ბიჭი მოედანზე კვლავ არაჩვეულებრივ რამეებს აკეთებს, მაგრამ საკუთარ რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. ეს ძალიან სამწუხაროა. ის მცდარი გზით მიდის. დადგა დრო, ვუთხრათ მას, რომ სწორ გზას დაუბრუნდეს“,
– განაცხადა ლარკემ RMC Sport-ის ეთერში.