ცეკვა, რომელიც ბერნაბეუზე ნაადრევად დასრულდა - ლორი კანინგემის ამბავი
სამხრეთ ლონდონის მრავალ წვეულებაზე საცეკვაო ტურნირების მოგებით გაზრდილი ლორი კანინგემი ყოველთვის მზად იყო ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყო, თუ ამის მომენტი დადგებოდა. საბოლოოდ, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი „შოუს წართმევის“ ეპიზოდი საცეკვაო მოედანზე კი არა, საფეხბურთო მინდორზე მოხდა. 1978 წლის 6 დეკემბერს კანინგემმა ჩრდილში მოაქცია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი — მარიო კემპესი.
კანინგემით შთაგონებულმა, სწრაფი ფლანგელის წყალობით გაძლიერებულმა რონ ატკინსონის ბრწყინვალე ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა 1970-იანი წლების ბოლოს უეფას თასზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ვალენსია, ტურნირს გამოთიშა — მესამე რაუნდის მეორე მატჩში 2:0 გაიმარჯვა..
ამ დროისთვის კანინგემი ბრიტანეთში უკვე ფართოდ ცნობილი სახელი იყო. „ლეიტონ ორიანტსა“ და „ვესტ ბრომში“ ნაჩვენებმა ბრწყინვალე თამაშმა ის 1977 წელს ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში მოთამაშე პირველ შავკანიან ფეხბურთელად აქცია. უფრო მეტიც, „ვესტ ბრომში“, ატკინსონის ხელმძღვანელობით, სირილ რეჯისისა და ბრენდონ ბატსონის გვერდით, მან ლეგენდარული შეტევითი ტრიო Three Degrees ჩამოაყალიბა, რომელმაც ინგლისური ფეხბურთი შეძრა.
თუმცა გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ ის ჯერ კიდევ შედარებით უცნობი იყო. საბედნიეროდ მისთვის, უეფას თასის ეს შეხვედრა ესპანეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში გადასცა. სწორედ ამ დროს მიიქცია კანინგემის გამაოგნებელმა სისწრაფემ და მსუბუქმა ტექნიკამ არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობის ყურადღებაც.. ვალენსიას დაცვა მის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა.
მადრიდელებს ხმაურიანი ტრანსფერი სჭირდებოდათ. ფეხბურთელი, რომელიც მათ შიდა დომინაციას გააძლიერებდა და დამატებით ვარსკვლავურ ხარისხს შესძენდა იმ ტიტულის დასაბრუნებლად, რომელსაც „მადრიდისტები“ თავიანთ ბუნებრივ უფლებად მიიჩნევდნენ: ევროპის ჩემპიონთა თასი. იმ ღამეს კემპესისა და „ვალენსიას“ დაჩრდილვით კანინგემმა „ლოს ბლანკოსი“ დაარწმუნა, რომ სწორედ ის იყო საჭირო გმირი.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 1979 წლის 1 ივლისს მადრიდის „რეალმა“ კანინგემის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. იმ დროისთვის გაზეთ El País-ის ცნობით, გარიგების ღირებულება კლუბის რეკორდულ 110 მილიონ პესეტას შეადგენდა.
ამით ლორი გახდა პირველი ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელმაც „რეალთან“ გააფორმა კონტრაქტი და მეორე შავკანიანი მოთამაშე კლუბის ისტორიაში. პირველი ბრაზილიელი, მსოფლიო ჩემპიონი ნახევარმცველი ვალდირ „დიდი“ პერეირა იყო, რომელიც მადრიდში 20 წლით ადრე მოკლე პერიოდით თამაშობდა.
კანინგემის კარიერა „ლოს ბლანკოსში“ ელვის სისწრაფით დაიწყო. პირველივე მატჩებში მან ყველაფერი მარტივად აითვისა — გრძელი, შემაშფოთებლად სწრაფი ნაბიჯებით. ერთ-ერთი მადრიდელი თანაგუნდელის სიტყვებით, კანინგემი ისეთი სწრაფი იყო, რომ „სხვა ფეხბურთელები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს უკან მოძრაობდნენ“.
ბერნაბეუზე გამართულ პრიმერა დივიზიონის სადებიუტო მატჩში მან კიდევ ერთხელ „ვალენსიას“ მოუღო ბოლო. თავდაპირველად „რეალი“ აგებდა და ლონდონელმა დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც საბოლოო ჯამში „ლოს ბლანკოსმა“ 3:1 მოიგო. ორი კვირის შემდეგ მან ბერნაბეუზე კვლავ გაიტანა. ამჯერად მარადიული მეტოქის, „ბარსელონას“ წინააღმდეგ, ის მატჩი „ბლანკოსმა“ ასევე 3:1 მოიგო..
კანინგემის თამაშმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ რეალმა ჩემპიონობა „წაართვა“ უიღბლო ვიცე-ჩემპიონს, რეალ სოსიედადს, რომლის ერთადერთი მარცხი იმ სეზონში ბოლოსწინა ტურში დაფიქსირდა. ჩემპიონებმა 34 მატჩში ჯამში 70 გოლი გაიტანეს, ხოლო ლორიმ 29 შეხვედრაში რვაჯერ გამოიჩინა თავი.
თუმცა იმ სეზონის განმსაზღვრელი მომენტი და ალბათ, ეპიზოდი, რითიც ის ესპანეთში ყველაზე მეტად ახსოვთ 1980 წლის 9 თებერვალს შედგა: გასვლითი მატჩი „ბარსელონასთან“, რომელიც რეალმა 2:0 მოიგო. მთელი შეხვედრის განმავლობაში კანინგემი თავის გუნდს სისწრაფისა და ოსტატობის დემონსტრირებით შთააგონებდა. მარჯვენა მცველს, რაფაელ სუვირიას, ისევე როგორც მთლიანად „ბარსას“ დაცვის ხაზს, ფლანგელის შეკავება უბრალოდ არ შეეძლოთ.

63-ე წუთზე კანინგემმა კიდევ ერთი დახვეწილი ეპიზოდი შექმნა, რომელმაც მეორე გოლი მოიტანა: მან კვლავ „მოკლა“ სუვირია, სრული სისწრაფით ჩაუარა მცველს და მარჯვენა ფეხით სანტილიანას დიდებული პასი გაუკეთა. ამ უკანასკნელმა კი ეპიზოდი გოლით დააგვირგვინა..
კამპ ნოუ იმდენად მოიხიბლა ინგლისელის თამაშით, რომ „ბარსელონას“ გულშემატკივართა ნაწილმა ტაში დაუკრა. ამ მომენტის მნიშვნელობა არ უნდა დაკნინდეს — „რეალის“ ფეხბურთელის აპლოდისმენტები ბარსელონაში. ეს ეპიზოდი თამაშის ისტორიაში საკულტო გახდა და, ალბათ, ყველაზე ნათელი აღიარებაა კანინგემის უნარისა, უზარმაზარი ნიჭით მაყურებელი მოაჯადოვოს.
მიუხედავად რამდენიმე გამორჩეული თამაშისა და ესპანეთში პირველივე სეზონში ლიგისა და თასის დუბლის მოგებისა, კანინგემის მიმართ ყოველთვის არსებობდა კითხვები მის დამოკიდებულებასა და მოტივაციასთან დაკავშირებით. ხშირად აკრიტიკებდნენ, თითქოს ტრანსფერის ფასს ვერ ამართლებდა და არასტაბილური იყო.
„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანინგემი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე იყო, ვისთან ერთადაც ოდესმე უთამაშია, შესაძლოა მას „რეალისთვის აუცილებელი კონკურენტული სული აკლდა“.

ეს ეჭვები მომდევნო სეზონშიც გაგრძელდა და ლორის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, როცა ნოემბერში რეალ ბეტისთან მატჩში ფეხის თითი მოიტეხა. ეს იყო ტრავმების სერიის დასაწყისი, რომელიც ფლანგელს მადრიდში ყოფნის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში აწუხებდა.
ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როცა ბეტისთან მატჩის ღამეს ლორი მადრიდის ერთ-ერთ ღამის კლუბში, თაბაშირით, დააფიქსირეს. კლუბის ხელმძღვანელობამ მას მკაცრი საყვედური გამოუცხადა — ბევრის აზრით, უსამართლოდ. მედიის მიერ ატეხილმა ხმაურმა კანინგემი დააბნია და გული დასწყვიტა: კლუბის ექიმმა ის გაწერა და არ ელოდა, რომ თავისუფალ დროს საკუთარი სურვილისამებრ გატარებისთვის დასჯიდნენ.
თუმცა ერთგულება, ან სულ მცირე, მისი მკაფიო დემონსტრირება და აბსოლუტური პროფესიონალიზმის იმიჯი ყოველთვის იყო „რეალის“ ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილი. კლუბის თვალში წვეულებაზე გადაღებულმა ფოტოებმა ფეხბურთელი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თავად კლუბი არასახარბიელო კონტექსტში წარმოაჩინა.
უფრო ფართო სურათში, ეს მადრიდში ჭეშმარიტად ქაოსური და ვნებიანი დრო იყო. ლორი კანინგემის ესპანეთში ყოფნა დაემთხვა Movida Madrileña-ს — კონტრკულტურულ მოძრაობას, რომელმაც დედაქალაქი დიქტატორ გენერალ ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ მოიცვა. ამ ეპოქას ახალი ხედვის მუსიკა ახასიათენდა.. ცეკვა, მძიმე სმა, ნარკოტიკები, გამოხატვის თავისუფლება, სექსი და უზარმაზარი რაოდენობით ნეონი..
კაცისთვის, რომელსაც საკუთარი თავის გამოხატვა ცეკვით განსაკუთრებით უყვარდა, ძნელი იქნებოდა აერიდებინა თავი იმ ქალაქის სულისთვის, რომელიც 40-წლიანი ბორკილების შემდეგ ხელახლა სწავლობდა თავისუფლების გამოხატვას. ყველა წყაროს მიხედვით, კანინგემი ბოლომდე პროფესიონალი იყო და ღამის გასვლებზე თითქმის არ სვამდა — მას უბრალოდ ცეკვა უყვარდა.
მოტეხილ თითთან ერთად ლორიმ მუხლის იოგის ტრავმაც მიიღო და რამდენიმე წარუმატებელი ოპერაცია გადაიტანა, რამაც სეზონის ბოლომდე უქმად ამყოფა. ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალამდე, სადაც მეტოქე ლივერპული იყო.
ის აშკარად არ იყო სათამაშო ფორმაში. „ბეტისთან“ მატჩის შემდეგ სრულფასოვანი შეხვედრა ჩატარებული არ ჰქონდა, თუმცა „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა და მწვრთნელი ვუიადინ ბოშკოვი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის თავისი თანამემამულეების წინააღმდეგ მოედანზე დაეყენებინათ. მათი აზრით, კანინგემის მხოლოდ ყოფნაც კი საკმარისი იქნებოდა „ლივერპულის“ დაცვის დასაბნევად.
როგორც მოსალოდნელი იყო, გეგმა არ გამართლდა. „ლივერპულმა“ 1:0 მოიგო, კანინგემი კი ბუნებრივად უსახურად გამოიყურებოდა — და ამ მატჩით მისი კარიერა მადრიდში ფაქტობრივად დასრულდა.

1981/82 სეზონში მან მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა, ისიც შობის შემდეგ. იმ პერიოდში ესპანურ კლუბებს მხოლოდ ორი ლეგიონერის ყოლის უფლება ჰქონდათ. შესაბამისად, როცა 1982 წლის ივლისში გუნდს ჯონ მეტგოდი შეუერთდა, ლორისთვის დაბრუნების გზა ჩაიკეტა. ის იჯარით გაუშვეს ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედიში“, შემდეგ ხიხონის „სპორტინგში“, ხოლო 1984/85 სეზონის წინ საბოლოოდ „მარსელს“ მიჰყიდეს.
ტრავმებმა და წარუმატებელმა ოპერაციებმა, რომელთა გამო თავად ფეხბურთელი ამბობდა, რომ კარიერის ორი წელი დაკარგა — ლორის მთავარი იარაღი, სისწრაფე წაართვა. ახალი სტილის პოვნა გაუჭირდა და მისი კარიერა მომთაბარე გახდა. 1984-დან 1989 წლამდე მან ევროპის მასშტაბით იმოგზაურა, 3 სხვადასხვა ქვეყნის 5 კლუბში ითამაშა. „მარსელში“, „ლესტერში“, „რაიო ვალეკანოში“, „შარლერუაში“ და „უიმბლდონში“. კარიერის ბოლო სეზონი ისევ მადრიდში გაატარა — „რაიო ვალეკანოს“ შეუერთდა.
სამწუხაროდ, 1989 წლის ივლისში, მალევე მას შემდეგ, რაც „რაიომ“ პრიმერაში დაბრუნება მოახერხა, კანინგემი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა და დაიღუპა. ის მხოლოდ 33 წლის იყო.
ლორის დრო „რეალში“ ტკბილ-მწარე აღმოჩნდა. მან მოიგო ტიტულები, მიიღო აპლოდისმენტები და დაამსხვრია ბარიერები, თუმცა მუდმივმა ტრავმებმა და მედიის ზეწოლამ ხელი შეუშალა, რომ იმ სუპერვარსკვლავად ქცეულიყო, რასაც მისი საოცარი ნიჭი იმსახურებდა. რაც შეეხება იმას, კიდევ რას დაამატებდა თავის მემკვიდრეობას კარიერის შემდგომ ეტაპზე — სამწუხაროდ, ამას ვეღარასდროს გავიგებთ..