რონალდო ნაზარიო
Aa Aa

გენეტიკური ანომალია? რონალდო წინასწარვე განწირული იყო?

რონალდოს ყოფილი ფიზიოთერაპევტი ნილტონ პეტრონე თავის პროფესიაში ყველაზე რთულ შემთხვევას იხსენებს, რაც კი როდესმე ჰქონია და „კიჭას“ ტრავმას ყველაზე საშინელს უწოდებს - „ყველაზე საშინელი საფეხბურთო ტრავმაა, რაც როდესმე მინახავს“.

183 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშე, რომელსაც 100 მეტრის გარბენა დაახლოებით 10.3 წამში შეეძლო და დაჯილდოებული იყო ბალანსის საოცარი შეგრძნებით, არტისტულობითა და მომენტების დაგვირგვინების საოცარი უნარით. „ფენომენი“ შეუჩერებელი ჩანდა - მანამ, სანამ მისმა მუხლმა ყველაფერი არ შეცვალა.

წლების შემდეგ, ფიზიოთერაპევტმა ნილტონ პეტრონემ გამოცემა FourFourTwo-სთან მის ყოფილ პაციენტზე, იმ სხეულზე ისაუბრა, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა და იმ ტრავმებზე, რომლებმაც მისი კარიერა კინაღამ დაასრულა.

„რონალდო გენეტიკურად იყო დაჯილდოებული - მას კუნთის განსაკუთრებული ბოჭკოები ჰქონდა, რაც უზარმაზარ ენერგიას გამოიმუშავებდა... მას მხოლოდ სისწრაფე კი არა, არამედ წარმოუდგენელი კოორდინაციაც ჰქონდა... ამასთანავე, ფლობდა ფანტასტიკურ ძალას - ეს იყო სისწრაფის, სიმძლავრის, ძალისა და კოორდინაციის სრულყოფილი კომბინაცია“.

- იხსენებს პეტრონე.

ტესტების მიხედვით, მას 100 მეტრის გარბენა 10.2 ან 10.3 წამში შეეძლო, რაც ფეხბურთელისთვის გასაოცარი შედეგია. თუმცა, ამავე ნიჭს თან რისკიც ახლდა.

„ამაში ეჭვი არავის ეპარება. რონალდოს ჰქონდა პრობლემა, რომელსაც ბარძაყის ჭაღის დისპლაზია ჰქვია... უკეთესი სიტყვა რომ ვეძებოთ, მუხლის კვირისტავი ბარძაყის ძვალზე სულ მოძრაობდა... მას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებოდა“.

როგორც პეტრონე განმარტავს, მიზეზი სისუსტე კი არა, ძალა იყო.

„ათლეტები, რომლებსაც დიდი მასა და სიმძლავრე აქვთ, ყოველთვის რისკის ქვეშ არიან... რონალდოს ტრავმები მისი სხეულის სისუსტის გამო კი არა, მისი ფეთქებადი შესაძლებლობების გამო ხდებოდა. ის მხოლოდ სპრინტს არ აკეთებდა - ის ჩერდებოდა, ტრიალდებოდა და მყისიერად ისევ ფეთქდებოდა. იყო არაერთი მომენტი, როცა რონალდო ეცემოდა, დგებოდა და შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ ელვისებურად გადაადგილდებოდა... მისი თამაშის სტილიდან გამომდინარე აშკარა იყო, რომ ტრავმები ყოველთვის მოსალოდნელი იქნებოდა“.

1999 წლის ნოემბერში პირველი კატასტროფა მოხდა...

„მან შეცვლა ითხოვა და მოედნიდან ჩვეულებრივი ნაბიჯით გავიდა, მაგრამ როდესაც გასახდელში შევედი და მუხლი მოვუხარე, დავინახე, რომ მყესის ცენტრალური ნაწილი გაგლეჯილი იყო“.

მას პარიზში ოპერაცია ჩაუტარდა, რასაც თვეობით ფრთხილი რეაბილიტაცია მოჰყვა. „ინტერის“ პერსონალი, რონალდო და პეტრონე უკიდურესი სიფრთხილით მუშაობდნენ და პროგრესს თვიდან თვემდე ამოწმებდნენ. როდესაც საუბარი იტალიის თასის ფინალში ხანმოკლე დაბრუნებაზე დაიწყო, ყველაფერი კონტროლის ქვეშ ჩანდა, სანამ უარესი არ მოხდა.

„როდესაც ის ამ მატჩისთვის დაბრუნდა, მუხლის კვირისტავის მყესი მთლიანად გაუწყდა. მისი კვირისტავი რეალურად აფეთქდა და ბარძაყის შუა ნაწილში აღმოჩნდა“.

გავრცელდა ხმები, რომ ის მოედანზე ნაადრევად დააბრუნეს, თუმცა პეტრონემ ეს მოსაზრება უარყო:

„არა... ზოგიერთ კლუბს მოთამაშეები 8-9 თვეში აჰყავს მწყობრში, „ინტერმა“ კი მთელი წელი დაიცადა. რონალდოს ხშირად ფენიქსს ვადარებ... ის თავის პრობლემებს არაჩვეულებრივად გაუმკლავდა“. მაგრამ დარწმუნებით ვერაფერს იტყოდნენ. „კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, დაბრუნდებოდა თუ არა საერთოდ, ხოლო თუ დაბრუნდებოდა, არსებობდა შანსი, რომ ის მაღალი დონის მოთამაშე აღარ ყოფილიყო... სწორედ ამიტომ გამოტოვა მან 2000/2001 წლების სეზონი“.

რეაბილიტაცია დაუნდობელი იყო...

„ეს მისთვის წარმოუდგენლად რთული იყო. მას ყოველდღე, ყოველგვარი შესვენების გარეშე, 9-10 საათი მუშაობა უწევდა... მისი დაბრუნების შესახებ ბევრი ეჭვი არსებობდა“.

მას ჰქონდა ჩავარდნები, კუნთების დაჭიმულობა ხანგრძლივი უქმობის შემდეგ, შიში და იმედგაცრუება. ერთ მომენტში ეჭვებმაც შეიპყრო. ის ბრაზილიაში, ოჯახთან ახლოს გაემგზავრა და იქიდან უფრო მშვიდი, გაძლიერებული და ბრძოლისთვის მზადმყოფი დაბრუნდა. ნელ-ნელა გოლებიც დაბრუნდა, მოძრაობა გაუმჯობესდა და ჰორიზონტზე მსოფლიო ჩემპიონატიც გამოჩნდა.

ქირურგიულმა ჩარევამ მისი სხეული სამუდამოდ შეცვალა.

„მუხლი, რომელსაც ოპერაცია უტარდება, შეიძლება გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს, მაგრამ ის არასდროს იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო“.

ფსიქოლოგიური ტრავმებიც რეალური იყო. ის ცხოვრობდა ტკივილით, ყოყმანითა და წარუმატებლობის მუდმივი მოგონებით. მიუხედავად ამისა, მან გზა განაგრძო. როგორც პეტრონე იხსენებს, რონალდო მხოლოდ მეტოქეებს კი არა, საკუთარ სხეულსა და გონებასაც ებრძოდა: ფეხის მოხრისას გამოწვეულ ტკივილს, მყესის ხელახლა გაწყვეტის შიშს და იმის შიშს, რომ ვეღარ შეძლებდა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას ან გოლების გატანას.

და მაინც, ის დაბრუნდა. მან გაიტანა. მან მოიგო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. მან დაამტკიცა, რომ იმ მუხლითაც კი, რომელიც აღარასდროს იქნებოდა ძველებური, მას შეეძლო ადაპტაცია და კვლავ დომინირება.

გაზიარება: