საერთაშორისო ტურნირები ხშირად განსხვავებული მიზეზებით გვამახსოვრდება — ზოგჯერ ეს არის სუფთა ემოცია და სილამაზე, ზოგჯერ ტაქტიკური რევოლუცია, რომელიც ეპოქას ცვლის. თუმცა იშვიათია ჩემპიონატი, რომელიც ყველაფერს ერთდროულად აერთიანებს — დრამას, სიურპრიზებს, მაღალი დონის ფეხბურთს და ნამდვილ ისტორიებს. სწორედ ასეთი იყო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი.
ეს ტურნირი თავიდანვე გამოირჩეოდა ინტენსივობითა და სანახაობით. ბევრმა გუნდმა ძლიერად დაიწყო, თუმცა გზაში სტაბილურობა დაკარგა.. საბოლოოდ კი გამოიკვეთა ერთი გუნდი, რომელიც თავიდან ბოლომდე დომინირებდა — სტილით, ტემპითა და თამაშის ხარისხით აშკარად აღემატებოდა სხვებს.
ეს იყო ესპანეთი — გუნდი, რომელმაც ახალი ეპოქის დასაწყისი აღნიშნა. მაღალი ტემპი, ბურთის კონტროლი, სწრაფი გადაწყვეტილებები და მუდმივი მოძრაობა — ეს ყველაფერი ერთად ქმნიდა თამაშის სტილს, რომელიც მოგვიანებით მსოფლიო ფეხბურთში დომინანტური გახდა. თუ 2004 წელს საბერძნეთმა კოლექტიური ორგანიზებით გააკვირვა ევროპა, 2008 წლის ესპანეთმა ამ ყველაფერს ტექნიკა, კრეატივი და შეტევითი ძალა დაუმატა, რაც მათ თითქმის დაუმარცხებელს ხდიდა.

ესპანეთის გამარჯვება ტურნირის ლოგიკური დასასრული იყო, თუმცა ევრო 2008 მხოლოდ ერთ გუნდზე არ ტრიალებდა. ეს იყო ჩემპიონატი, სადაც თითქმის ყველა მატჩს თავისი ისტორია ჰქონდა — სიურპრიზები, იმედგაცრუებები და ემოციური მომენტები.
მაგალითად, მასპინძელი შვეიცარია ტურნირს დიდი იმედით შეხვდა, მაგრამ ყველაფერი უკვე პირველ მატჩში შეიცვალა. ჩეხეთთან შეხვედრაში გუნდის ლიდერი ალექსანდერ ფრეი ტრავმის გამო მოედნიდან გავიდა და ფაქტობრივად ტურნირიც გამოტოვა. მის გარეშე შვეიცარიამ დაკარგა ინიციატივა — და საბოლოოდ მატჩიც.

ასეთი დეტალებით, მოულოდნელობებით და მაღალი დონის ფეხბურთით ევრო 2008 მართლაც ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ტურნირად დარჩა.
ალექსანდერ ფრეის ტრავმამ შვეიცარიის იმედებს მხოლოდ პირველი მატჩი არ დაუმსხვრია — ფაქტობრივად, ტურნირიდან გასვლაც წინასწარ განუსაზღვრა. თურქეთთან მეორე შეხვედრა ნამდვილ სტიქიურ პირობებში გაიმართა: ძლიერი წვიმა და ელვა.. ასეთ გარემოში ბურთიც კი ხშირად წყლის გუბეებში ჩერდებოდა, თუმცა სწორედ ამან შეუწყო ხელი შვეიცარიის საწყის გოლსაც.
მიუხედავად ამისა, ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიუჟეტად ქცეული თურქეთი კიდევ ერთხელ დაბრუნდა თამაშში და დამატებით დროში გამარჯვება მოიპოვა. ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა, რომ შვეიცარია ჯგუფიდან გამოსვლის შანსსაც გამოსთხოვებოდა — თანაც ჯერ კიდევ ბოლო ტურის წინ.
ბოლო მატჩში პორტუგალიის სათადარიგო შემადგენლობის დამარცხებამ გარკვეული ნუგეში კი მოიტანა, მაგრამ საერთო სურათი მაინც მძიმე იყო. საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ ტურნირზე წარუმატებლობა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. ფრეის დაკარგვამ გადამწყვეტი გავლენა იქონია გუნდზე, რომელსაც ისედაც შეზღუდული რესურსი ჰქონდა — მის გარეშე კი შვეიცარია ფაქტობრივად გზას ასცდა და პლეი-ოფამდე ვეღარ მივიდა.
პარალელურად, ვენაში ავსტრიაც ცდილობდა საკუთარ კედლებში წარმატებისთვის ბრძოლას, თუმცა რეალობა მათთვისაც სწრაფად დადგა. ხორვატიასთან საწყის მატჩში ორ წუთზე ნაკლებ დროში დაინიშნა პენალტი, რომელიც ლუკა მოდრიჩმა ზუსტად შეასრულა. 18-წლიანი ლოდინის შემდეგ დიდ ტურნირზე დაბრუნებული გუნდი ძალიან სწრაფად „დაბრუნდა მიწაზე“.

ავსტრია ბოლომდე ცდილობდა, ენერგიითა და შრომით თამაშში დარჩენას, თუმცა კლასის ნაკლებობა აშკარად იგრძნობოდა. მათ მაინც მოახერხეს ქულის მოპოვება პოლონეთთან — უკვე დამატებით დროში გატანილი პენალტით — მაგრამ საერთო ჯამში, ჯგუფიდან გასვლისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ავსტრიისთვის ვითარება მარტივი იყო — გერმანიის დამარცხება სჭირდებოდათ, მაგრამ ოპტიმიზმი რეალობას აშკარად არ ემთხვეოდა. მატჩში ორი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ვიხილეთ.
ჯერ ორივე მწვრთნელი ერთდროულად გააძევეს, შემდეგ კი გადამწყვეტი მომენტი მიქაელ ბალაკის შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა გახდა, რომელმაც ბურთი დაუნდობელი სისწრაფით კარის „ცხრიანში“ გაგზავნა.
კიდევ ერთი იმედგაცრუება მოქმედი ჩემპიონი საბერძნეთი და ვარსკვლავებით სავსე საფრანგეთი იყვნენ, რომლებიც ტურნირს ჯგუფურ ეტაპზევე დაემშვიდობნენ. სწრაფი, აგრესიული და თანამედროვე ფეხბურთის ფონზე, ოტო რეჰაგელისა და რაიმონ დომენეკის გუნდები აშკარად ჩამორჩნენ ტემპს და იდეებს. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო საფრანგეთის კრიზისი — გუნდი ზიდანის გარეშე დაკარგულად გამოიყურებოდა, ხოლო ტიერი ანრის კლასი სრულად ვერ გამოვლინდა. სიტუაციას კიდევ უფრო უცნაური ელფერი მისცა დომენეკმა, რომელმაც ტურნირიდან გავარდნის შემდეგ პირდაპირ ეთერში შეყვარებულს ხელი სთხოვა.
თუმცა ევრო 2008-ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია თურქეთის ნაკრებს ეკუთვნის. ფათიჰ ტერიმის გუნდი თავიდანვე არასტაბილურად გამოიყურებოდა და მწვრთნელი ხშირად კრიტიკის ქვეშ იყო — მათ შორის, შემადგენლობის შერჩევის გამო. მიუხედავად ამისა, პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ თურქეთმა რიტმი იპოვა და შვეიცარიასთან მოგებით დაიწყო ის, რაც საბოლოოდ მათი მთავარი იარაღი გახდა — დრამატული დაბრუნებები და ბოლო წუთების გოლები.
ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი ჩეხეთთან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში იყო ტურნირზე. ორივე გუნდს ერთნაირი მაჩვენებლები ჰქონდა და ფაქტობრივად „ვინც მოიგებს — გავა“ პრინციპით თამაშობდნენ. მატჩის 75-ე წუთისთვის ჩეხეთი 2:0-ს იგებდა და ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა. თუმცა სწორედ აქ დაიწყო თურქეთის საოცარი ქამბექი — ჯერ არდა თურანმა შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი მოვლენებმა სრულიად დრამატული სახე მიიღო.
რამდენიმე წუთში პეტრ ჩეხმა მარტივი ბურთი გაუშვა ხელიდან, რაც ნიჰათ კაჰვეჯიმ გოლად აქცია. ანგარიში 2:2 გახდა და მატჩი ისტორიულ პენალტების სერიას უახლოვდებოდა, მაგრამ ნიჰათი აქ არ გაჩერდა — სულ რაღაც წუთნახევარში მან მეორე გოლი გაიტანა და თურქეთს გამარჯვება მოუტანა. სტადიონზე თურქი გულშემატკივრების ემოცია პიკს აღწევდა — ეს იყო ქაოტური, ენერგიული და სრულიად დაუვიწყარი ღამე.
ამ გამარჯვებამ თურქეთი მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც მათ ხორვატია ელოდებოდა — კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. სლავენ ბილიჩის გუნდმა გერმანია დამაჯერებლად დაამარცხა და ჯგუფი სრულად, 100%-იანი შედეგით დაასრულა. თუმცა თურქეთის ხასიათი და არაპროგნოზირებადობა იმას ნიშნავდა, რომ ამ დაპირისპირებაში წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლებოდა.
მეოთხედფინალში თურქეთს დამატებითი სირთულეებიც ჰქონდა — რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი და დისკვალიფიცირებული ძირითადი მეკარე. თუმცა ამავდროულად გუნდს დაუბრუნდა გამოცდილ ვეტერანი მეკარე რუშთუ რეჩბერი, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმას, რომ თურქეთის ისტორია ამ ტურნირზე ბოლომდე დრამატული და მოულოდნელობებით სავსე იყო.
მეოთხედფინალი თურქეთსა და ხორვატიას შორის ძალიან დაძაბული და თანაბარი გამოდგა. ხორვატიას შესაძლოა უფრო რეალური მომენტები ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა გადამწყვეტი გოლის გატანა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. ეს იყო ნერვიული, მძიმე პერიოდი, რომელმაც თურქეთისთვის უკვე ნაცნობი დრამა კიდევ უფრო ექსტრემალურ დონეზე აიყვანა.
როდესაც 119-ე წუთზე ხორვატიამ ანგარიში გახსნა — რუშთუ რეჩბერის შეცდომის შემდეგ, როცა ის კარიდან შორს გამოვიდა და ლუკა მოდრიჩმა ივან კლასნიჩს გაატანინა — ყველაფერი დასრულებულად ჩანდა. ხორვატები ემოციებს ვერ მალავდნენ, მთელი გუნდი და სლავენ ბილიჩიც კი მოედანზე ერთად ზეიმობდნენ.
მაგრამ თურქეთისთვის ეს დასასრული არ ყოფილა. ფათიჰ ტერიმი გვერდიდან მოთამაშეებს ამხნევებდა და შემდეგაც აღნიშნა, რომ დარწმუნებული იყო — მისი გუნდი ბოლომდე არ დანებდებოდა. ხორვატიას დარჩენილი წამების „მოკვლა“ შეეძლო, თუმცა შეცდომა დაუშვა და უაზრო ჯარიმა მისცა მეტოქეს.
რუშთუმ ბურთი წინ ძლიერად გაგზავნა, სადაც სემიჰ შენთურქმა მიიღო და უმძლავრესი დარტყმით ბურთი „ცხრიანში“ გაუშვა. დრო უკვე ფაქტობრივად ამოწურული იყო — ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გვიანი გოლი ტურნირის ისტორიაში. ხორვატია შოკში ჩავარდა, ყურადღება პროტესტებზე გადაიტანა და პენალტების სერიას მოუმზადებელი შეხვდა. შედეგად, თურქეთმა სერია დამაჯერებლად მოიგო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ტურნირზე მათი გამორიცხვა შეუძლებელი იყო.
პორტუგალიამ ჯგუფი ადვილად მოიგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე იმპულსი დაკარგა. გუნდზე გავლენა იქონია როგორც ლუის ფელიპე სკოლარის „ჩელსიში“ გადასვლის ამბავმა, ასევე მადრიდის „რეალის“ მუდმივმა ინტერესმა კრიშტიანუ რონალდუს მიმართ. ამას დაემატა ბოლო ჯგუფურ მატჩში ძირითადი მოთამაშეების დასვენება, რის შემდეგაც გერმანიასთან პორტუგალიამ ვერ შეძლო იმ ფორმის დაბრუნება, რომელიც ტურნირის დასაწყისში ჰქონდა.
ფეხბურთში ფორმა ხშირად არასტაბილურია — მომენტუმი სწრაფად იცვლება. ერთი კვირით ადრე რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს, შესაძლოა პორტუგალია ყოფილიყო აშკარა ფავორიტი თავისი ბრწყინვალე სტარტის გამო, თუმცა რეალობაში გერმანია აღმოჩნდა ის გუნდი, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ნახევარფინალში თურქეთთან გასვლაც დაიმსახურა.
ნახევარფინალში თურქეთმა ამჯერად განსხვავებულად დაიწყო და ანგარიში თავად გახსნა, თუმცა მალე ისევ იმ ნაცნობ სცენარში აღმოჩნდა — უკან ჩამორჩენილი მატჩის ბოლო წუთებში. როგორც უკვე ჩვევად ჰქონდა ქცეული, გუნდმა ბრძოლა არ შეწყვიტა და სემიჰ შენთურქის გოლით შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში. მაგრამ სწორედ აქ დასრულდა მათი ზღაპარი.
დამატებითი დრო თითქმის გარდაუვალი იყო, როცა ფილიპ ლამმა შესანიშნავი ინდივიდუალური გარბენის შემდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და რუშთუ რეჩბერს ზემოდან გადაუგდო ბურთი. ამჯერად უკვე თურქეთმა იგემა ის, რასაც მთელი ტურნირი სხვებს უკეთებდა — ბოლო წამებზე წაგება. მიუხედავად ამისა, მათი გზა დაუვიწყარი დარჩა: ევრო 2008-ზე სულ ექვსი წუთი ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ ეს წუთები საკმარისი აღმოჩნდა, რომ ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ გუნდად დარჩენილიყვნენ.
თურქეთის წარმატება დიდწილად ხასიათზე, რწმენასა და დაუმარცხებლობის მენტალიტეტზე იდგა, თუმცა ტურნირის დასაწყისში ყველაზე შთამბეჭდავი ფეხბურთი ნიდერლანდებმა აჩვენა. ნარინჯისფერი გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნების ფონზე, მათი თამაში იყო სწრაფი, ეფექტური და ძალიან სანახაობრივი.
„სიკვდილის ჯგუფში“ ნიდერლანდებმა იტალია 3:0 დაამარცხა. ვან ნისტელროის საკამათო გოლმა მატჩს ნერვული დასაწყისი მისცა, თუმცა მთლიანობაში ნიდერლანდები აშკარად დომინირებდა და მაშინვე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ჩამოყალიბდა.

შემდეგი მატჩი საფრანგეთთან კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. ნიდერლანდებმა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი შექმნა — ვან ნისტელროის ტექნიკურმა მოძრაობამ ნახევარდაცვაში არიენ რობენი გაათავისუფლა, რომელმაც სწრაფი გარბენის შემდეგ რობინ ვან პერსის გადააწოდა და მანაც ზუსტად დაასრულა შეტევა. საბოლოოდ, ნიდერლანდებმა 4:1 მოიგო და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩშიც, მიუხედავად ძირითადი შემადგენლობის დასვენებისა, ნიდერლანდებმა რუმინეთი დაამარცხა და 100%-იანი შედეგით გავიდა შემდეგ ეტაპზე — იმ მომენტისთვის ისინი ტურნირის ყველაზე შთამბეჭდავ გუნდად მიიჩნეოდნენ.
მეოთხედფინალში დამაჯერებლად გასული ნიდერლანდები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომლის შემადგენლობაშიც არშავინი ბრწყინავდა. ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთმა გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში მათ ესპანეთი ელოდებოდა — გუნდი, რომელმაც საბოლოოდ ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა ევრო 2008-ზე. ესპანეთის გამარჯვება მხოლოდ ტიტული არ იყო.. ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვებული იმედგაცრუებების დასრულება. წარსულში გუნდი ხშირად იყო დამოკიდებული ინდივიდუალურ ვარსკვლავებზე და ვერ ახერხებდა კოლექტიურად წარმატებას, რაც დიდ ტურნირებზე წინსვლას უშლიდა ხელს.
2008 წელს კი ეს ყველაფერი შეიცვალა — ესპანეთმა გუნდური ფეხბურთი, ტექნიკა და ერთიანობა სწორად შეათავსა და საბოლოოდ ის პოზიცია დაიკავა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა, მაგრამ ვერ აღწევდა.
ლუის არაგონესი იმ ტიპის მწვრთნელი არ ჩანდა, რომელიც რევოლუციას მოახდენდა, მაგრამ სწორედ მან შეცვალა ესპანეთის ნაკრების ბედი. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მიიღო ბურთზე კონტროლი, საოცარი ტექნიკა და სწრაფ პასებზე დაფუძნებული სტილი — ის მიდგომა, რომელიც იმ პერიოდში „ბარსელონაში“ ყალიბდებოდა. ეს თავად არაგონესის ტრადიციულ ხედვებსაც კი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მან დროულად დაინახა, რომ ესპანეთისთვის ახალი გზა არსებობდა — და სწორედ ამ გადაწყვეტილებამ ჩაუყარა საფუძველი იმ „ოქროს ეპოქას“, რომელიც მალე დაიწყო.
ისტორიულად ესპანეთის ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა ტექნიკური ხარისხით, მაგრამ მას თან სდევდა მკაცრი და ემოციური იდენტობა, რომელიც გუნდის მეტსახელშიც აისახება — „ლა ფურია როხა“, ანუ „წითელი მრისხანება“. არაგონესისთვის ეს ინტენსივობა, აგრესია და ბრძოლა თამაშის განუყოფელი ნაწილი იყო. წლების განმავლობაში ის თვლიდა, რომ სწორედ ამ გზით შეიძლებოდა საერთაშორისო წარმატების მიღწევა.
1998 წელს ის ამბობდა: „ყველაზე კარგი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ჩვენი იდენტობის პატივისცემა. ყველა ქვეყანას თავისი ფეხბურთი აქვს და ასე უნდა იმოქმედოს. ‘ლა ფურია’ უბრალოდ მეტსახელი არ არის — ეს ფილოსოფიაა, რომელიც ნაკრებმა უნდა დაიბრუნოს.“
თუმცა რეალობამ სხვა რამ აჩვენა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი წარუმატებლობის შემდეგ, ევრო 2008-ის შესარჩევშიც ესპანეთმა არასტაბილურად დაიწყო. გადამწყვეტი მომენტი ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხება აღმოჩნდა, რასაც შვედეთთან და რუმინეთთან მარცხებიც დაემატა. მიუხედავად ინდივიდუალური ტალანტებისა, გუნდი ვერ ფუნქციონირებდა.
სწორედ აქ დადგა ცვლილებების დრო — არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ პერსონალური. არაგონესმა გადაწყვიტა, გუნდის ბალანსი და ჰარმონია თავიდან აეწყო, რაც ყველაზე ხმაურიან გადაწყვეტილებაში აისახა: ნაკრებში რაულ გონსალეს ბლანკო არ გამოიძახა — იმ პერიოდის ყველაზე პიპულარული ესპანელი ფეხბურთელი და „რეალის“ ლიდერი.

ამ გადაწყვეტილებას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ის გახდა გარდამტეხი. როგორც მოგვიანებით აღინიშნა, ეს იყო მომენტი, როცა „ესპანეთის ნაკრებმა თავისი რეალური ძალა აღმოაჩინა“ — გადაწყვეტილება, რომელმაც გუნდი ინდივიდუალიზმიდან კოლექტიურ ძალად აქცია და საფუძველი ჩაუყარა მათ მომავალ დომინაციას.
ეს გადაწყვეტილება ბევრად გაამარტივა იმ ფაქტმა, რომ ესპანეთს ახალი თაობის ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავდა, რომლებიც სწრაფ, ბურთის კონტროლზე დაფუძნებულ თამაშს იდეალურად ერგებოდნენ. არაგონესისთვის ეს უფრო რეალობის მიღება იყო, ვიდრე წინასწარ დასახული გეგმა — გუნდში არსებული რესურსი თავად კარნახობდა მიმართულებას. ერთხელ რომ აირჩია ეს გზა, ბოლომდე გაჰყვა მას.
რაული ერთადერთი „მსხვერპლი“ არ ყოფილა — ნაკრებს ჩამოშორდნენ ხოაკინი, სალგადო და კანისარესიც. ახალი სტილი ითხოვდა ტემპს, სწრაფ პასებს და მუდმივ მოძრაობას — სწორედ იმას, რაც ახალგაზრდა თაობას საუკეთესოდ გამოსდიოდა.
შედეგმაც არ დააყოვნა. ესპანეთი ევრო 2008-ს 16-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა, თუმცა ეს სტატისტიკა ბოლომდე არ ასახავდა რეალურ მდგომარეობას — ტურნირის წინ ბოლო ამხანაგურ მატჩში აშშ-სთან რთული გამარჯვების შემდეგ გუნდს საკუთარი გულშემატკივრებიც კი უსტვენდნენ. ნიჭი აშკარა იყო, მაგრამ წარსული წარუმატებლობების ტვირთი ისევ იგრძნობოდა.
პირველივე მატჩში, რუსეთის წინააღმდეგ, ეს ეჭვები გაქრა. ესპანეთმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა — მოქნილი 4-4-2 სქემა შეტევაში თითქმის 4-2-4-ად გარდაიქმნებოდა, სადაც ფერნანდო ტორესისა და დავიდ ვილას წყვილი განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნიდა. ტორესი იმ პერიოდში ლივერპულში ჩატარებული შესანიშნავი სეზონიდან მოდიოდა, ვილა კი ტურნირის მთავარი ბომბარდირი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
რუსეთთან სწორედ ვილამ შეასრულა ჰეთ-თრიქი და ოთხიდან სამი გოლი გაიტანა, თუმცა ეს მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევა არ ყოფილა. მისი და ტორესის კავშირი — როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც — სრულად ასახავდა იმ გუნდის სიძლიერეს: ურთიერთგაგება, სწრაფი კომბინაციები და ეფექტური დასრულება.
ესპანეთმა ამ მატჩით პირველი სერიოზული განაცხადი გააკეთა — სწრაფი ტემპი, ზუსტი პასები და ცივი ეფექტურობა შეტევაში აშკარად აჭარბებდა მეტოქეს. ეს იყო დინამიკური, კონტროლირებული ფეხბურთი, რომელსაც მკაფიო შეტევითი მიზანი ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტორესი საკუთარი პირველი მატჩით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო, შემდეგ შეხვედრაში შვედეთთან მანაც მოახერხა გოლის გატანა. იმ მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესანიშნავმა გოლმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბოლო წუთებში ვილამ კიდევ ერთი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ესპანეთმა კვლავ დაამტკიცა, რომ გადამწყვეტ მომენტებში მაქსიმალურად ეფექტური იყო.
რუსეთთან ნაჩვენები ბრწყინვალე ფეხბურთისგან განსხვავებით, შვედეთთან მატჩი შედარებით ნაკლებად დინამიკური იყო, მაგრამ ორივე შეხვედრამ ერთ საერთო თვისებაზე მიანიშნა — არაგონესის ესპანეთი თამაშის ბოლო მონაკვეთებში განსაკუთრებით სახიფათო ხდებოდა. მეტოქეები, რომლებიც დიდ დროს ატარებდნენ ბურთის გარეშე და ესპანეთის პასების დევნაში იხარჯებოდნენ, ბოლოს ენერგიას კარგავდნენ და სწორედ მაშინ უშვებდნენ გადამწყვეტ გოლებს
იგივე სცენარი განმეორდა საბერძნეთთან ბოლო ჯგუფურ მატჩშიც. მეტოქე გუნდებმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს, რომ ესპანეთთან ბურთის დევნა ხშირად დამღუპველი იყო — მათ ნაცვლად უნდა დაეცვათ სივრცე და მოთმინებით ეთამაშათ. შედეგად, ესპანეთი ორივე ტაიმის ბოლოს უფრო ენერგიული რჩებოდა და მცირე შეცდომებსაც კი მაქსიმალურად იყენებდა.
შემდეგი ეტაპი უკვე სრულიად სხვა დონის გამოცდა იყო — მეოთხედფინალი იტალიასთან. ისტორიულად ეს იყო მეტოქე, რომელიც ესპანეთისთვის ერთგვარ „კოშმარად“ იქცა. თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში, როცა საქმე გადამწყვეტ მატჩებს ეხებოდა, იტალია ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ამიტომაც ესპანეთს, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სწორედ „აძურის“ წინააღმდეგ თამაში სურდა.
მედიაში აქტიურად საუბრობდნენ „წყევლასა“ და ცუდ ნიშნებზე და ეს დაძაბულობა თავად ფეხბურთელებზეც აისახა — ბევრს ახსოვდა წარსული მარცხები ამავე ეტაპზე. თუმცა ამ კონკრეტულ ტურნირზე იტალია უკვე ისეთი დამაჯერებელი აღარ იყო. ჯგუფიდან მათ ძლივს გააღწიეს და მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონის გადარჩენილმა პენალტმა რუმინეთთან გადაარჩინა ისინი ნაადრევ ელიმინაციას.
მატჩი დაძაბული და ფრთხილი გამოდგა. ესპანეთი ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ იტალია ყოველთვის მზად იყო კონტრშეტევისთვის და ბოლომდე არ ნებდებოდა. ერთ მომენტში იკერ კასილასმა ფეხით შესრულებული საოცარი სეივით გადაარჩინა გუნდი და მატჩი დამატებით დროშიც გოლის გარეშე გაგრძელდა.
ბოლოს ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა. სწორედ აქ გამოავლინა კასილასმა თავისი კლასი — მან დანიელე დე როსისა და ანტონიო დი ნატალეს დარტყმები მოიგერია და ესპანეთს გამარჯვების შანსი მისცა. გადამწყვეტი პენალტი სესკ ფაბრეგასმა გაიტანა, რითიც ესპანეთმა არა მხოლოდ მატჩი მოიგო, არამედ წლების განმავლობაში დაგროვილი ფსიქოლოგიური ტვირთიც მოიშორა.
გოლის შემდეგ გუნდი ერთხმად კასილასთან მივარდა — იმ კაცთან, რომელიც ესპანეთს ისტორიული ბარიერის გადალახვაში დაეხმარა.
ნახევარფინალი რუსეთთან ვენაში, ძლიერი წვიმისა და ელვის ფონზე გაიმართა და ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ დაპირისპირებად ითვლებოდა. მატჩის წინ მთავარი ყურადღება ანდრეი არშავინზე იყო გამახვილებული, თუმცა ამჯერად მისი თამაში აშკარად ჩამოუვარდა ნიდერლანდებთან ნაჩვენებ დონეს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ესპანეთის სრული დომინაცია იყო.
მატჩის გარდამტეხი მომენტი მეორე ტაიმის დასაწყისში დადგა. გოლის შემდეგ ესპანეთმა თამაშზე ისეთი კონტროლი დაამყარა, რომ რუსეთს პრაქტიკულად სუნთქვის საშუალებაც აღარ მისცა. ამ ყველაფრის ცენტრში იდგა ჩავი — ფეხბურთელი, რომელიც ამ გუნდის ტემპსა და რიტმს მთლიანად განსაზღვრავდა. არაგონესის ეპოქის დასაწყისში ის ყოველთვის არ იყო ძირითადი ფიგურა, მაგრამ სტილის ცვლილებასთან ერთად სწორედ ის გახდა გუნდის მთავარი „მამოძრავებელი ძრავა“. მის გვერდით კი მარკოს სენა სტაბილურობითა და დისციპლინით ქმნიდა იმ საფუძველს, საიდანაც დანარჩენები შეტევაში თავისუფლად მოქმედებდნენ.
ანგარიში სწორედ ჩავიმ გახსნა და შემდეგ ესპანეთმა თამაშის სრული კონტროლი აიღო ხელში. საბოლოო ანგარიში 3:0 დაფიქსირდა, თუმცა სხვაობა კიდევ უფრო დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო. მთლიანობაში, ტურნირზე რუსეთთან ორ შეხვედრაში ესპანეთმა 7:1 იმარჯვა. ერთადერთი ნეგატიური მომენტი დავიდ ვილას ტრავმა იყო, რომელმაც იგი ფინალს გამოთიშა.
ვილას არყოფნაში მთავარი როლი ფერნანდო ტორესზე გადავიდა. ფინალში გერმანიამ უკეთ დაიწყო, მაგრამ დაახლოებით მე-15 წუთიდან ესპანეთმა სრულად აიღო თამაში საკუთარ კონტროლში. გადამწყვეტი ეპიზოდი კი ნამდვილი კლასის დემონსტრაცია იყო.
სენამ თავისუფლად მიიღო ბურთი ცენტრში და სწრაფად გადააწოდა ჩავის. მან კი ერთი შეხებით იდეალური პასი გაუშვა ფილიპ ლამსა და პერ მერტეზაკერს შორის. ბურთთან პირველი ტორესი გაჩნდა, ლამს აჯობა და შემდეგ იენს ლემანს დახვეწილად გადაუგდო ბურთი თავზე — გოლი, რომელიც ამ გუნდის სტილის სრულ ანარეკლად იქცა.
ეს ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, თუმცა ესპანეთმა მატჩის ბოლომდე სრული კონტროლი შეინარჩუნა. ბურთს პრაქტიკულად არ თმობდა და გერმანიას თამაშში დაბრუნების შანსი არ მისცა. ეს იყო დღე, როცა ესპანეთმა სრულად დაიმსახურა ტიტული — თავისი სტილით, ხარისხითა და თავდაჯერებული ფეხბურთით.
ამ გამარჯვებამ აჩვენა, რამდენად ეფექტური შეიძლებოდა ყოფილიყო სწრაფი, ბურთის კონტროლზე დაფუძნებული თამაში, როცა მას თან ერთვოდა მკვეთრი შეტევა და დისციპლინირებული დაცვა. სხვა ძლიერი შეტევითი გუნდები — ნიდერლანდები, თურქეთი, რუსეთი — ვერ ახერხებდნენ ასეთ ბალანსს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ეს წარმატება გუნდური ერთიანობის შედეგი გახდა. ინდივიდუალური ეგოების ნაცვლად, ესპანეთი ერთ მთლიან ორგანიზმად იქცა. როგორც თავად არაგონესმა თქვა: „როცა მოვედი, ეს იყო უბრალოდ შემადგენლობა. როცა წავედი — უკვე გუნდი..“
ეს იყო ესპანეთის დომინაციის დასაწყისი. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატიც მოიგეს, სწორედ 2008 წელი დარჩა იმ საწყის წერტილად, სადაც ყველაფერი დაიწყო — სტილით, თავდაჯერებით და თამაშის სილამაზით. როგორც ტორესმა მოგვიანებით გაიხსენა: „დადგა მომენტი, როცა გერმანელები ვეღარ ეხებოდნენ ბურთს. ერთმანეთს უყურებდნენ, თითქოს კითხულობდნენ — რა ხდება? მაშინვე ვიგრძენი: ეს აქ არ დასრულდება. ეს მხოლოდ დასაწყისია.“