იტალიის ისტორია მისი ქალაქების ისტორიით იკითხება. თითოეულმა მათგანმა ჩამოაყალიბა საკუთარი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური იდენტობა და თითოეულს თავისი ბრძოლები და გამარჯვებები ჰქონდა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო რენესანსის ეპოქაში იყო, როდესაც იტალიური ქალაქ-სახელმწიფოები ერთმანეთთან ჰეგემონიისთვის იბრძოდნენ.
ამ რესპუბლიკებს მდიდარი დინასტიები მართავდნენ, რომელთაც ძალაუფლებისადმი დაუოკებელი ლტოლვა ჰქონდათ. მათ შორის ყველაზე გავლენიანები იყვნენ ფლორენციის მედიჩები, მილანის სფორცები და რომის ბორჯიები. როდესაც 1545 წელს პაპმა პავლე III-მ პარმა და მისი მიმდებარე ტერიტორიები საკუთარ არაკანონიერ შვილს, პიერ ლუიჯის, გადასცა და პარმის საჰერცოგო შექმნა, პაპის ფარნეზეების საგვარეულომ უზრუნველყო, რომ ქალაქის გავლენაც შესაბამისად გაზრდილიყო.
ოჯახური მფარველობისა და ძალაუფლების ეს ტრადიცია დროთა განმავლობაში არ გამქრალა. 1990-იან წლებში ტანძის ოჯახის ფინანსურმა ძალამ პარმა ისეთ აყვავებას მიაღწია, როგორიც ქალაქს მანამდე არასდროს ჰქონია.
ოჯახის პატრიარქის, კალისტო ტანძის ხელმძღვანელობით, მათი საკვები გიგანტი კომპანია
„პარმალატი“ პროვინციას ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ცენტრად აქცევდა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ტანძიმ გააცნობიერა, რომ პარმა კალჩო იყო იდეალური იარაღი გაფართოებისა და დომინირებისთვის. მისი სიმდიდრით გამაგრებულმა და გამორჩეული ტაქტიკოსების მიერ მართულმა „ჯალობლუებმა“ იტალიის შვიდ ძლიერ კლუბს შორის დაიკავეს ადგილი და მეტსახელად Il Grande Parma მიიღეს.
1992-დან 2002 წლამდე ათწლეულის განმავლობაში პარმამ ორი უეფას თასი, თასების მფლობელთა თასი, ევროპის სუპერთასი და სამი კოპა იტალია მოგიო. ეს უპრეცედენტო წარმატება ტრაგიკულად 2003 წელს დასრულდა, როცა „პარმალატის“ ფინანსური კოლაფსი მოუვიდა. თუმცა პარმას აღმავლობის ისტორია სამუდამოდ დარჩა იტალიური ფეხბურთის ოქროს წლების განუყოფელ ნაწილად.
„კამპანილიზმი“ — ადგილობრივი პატრიოტიზმი — პარმის მოსახლეობაში განსაკუთრებით ძლიერია. ქალაქი მდებარეობს ემილია-რომანიაში, რეგიონში, რომელსაც პოს მდინარე განსაზღვრავს და რომელიც ესაზღვრება ტოსკანას, ლიგურიას, ლომბარდიასა და ვენეტოს. ამ ბუნებრივმა რესურსებმა პარმა ისტორიულად შეძლებულ ქალაქად აქცია და პარმელები ზოგჯერ ზედმეტად ქედმაღლებიც კი არიან.
და არც უსაფუძვლოდ: ქალაქს აქვს თეატრი (Teatro Regio), რომელიც მილანის La Scala-ს არაფრით ჩამოუვარდება. ლამბორგინები, რომლებსაც მოდენას ფერარები ეცილებიან და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი — prosciutto di Parma და Parmigiano-Reggiano.

ცნობილი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდიც პარმელი იყო და წარსულში პარმა კალჩოს ფეხბურთელები სტადიო ენიო ტარდინიზე ვერდის Marcia Trionfale-ს ფონზე გამოდიოდნენ. თუმცა ფეხბურთის თვალსაზრისით, 1990-იან წლებამდე პარმას განსაკუთრებული წარმატებები არ ჰქონია.
პარმას ელვისებური აღმავლობა 1985 წლიდან იწყება, როცა კლუბი სერია B-ში დაწინაურდა. ამ წარმატების დიდი ნაწილი მაშინდელ მთავარ მწვრთნელს, არიგო საკის ეკუთვნოდა, რომელმაც თავისი საკულტო 4-4-2 სქემა დანერგა და ზონალური დაცვისა და ინტეგრირებული პრესინგის სისტემები დახვეწა — ტაქტიკა, რომელიც მოგვიანებით გამანადგურებელი ეფექტით მილანში გამოიყენა. 1986–87 სეზონში პარმას სერია A-მდე მხოლოდ სამი ქულა დააკლდა, რის შემდეგაც საკიმ სილვიო ბერლუსკონის მოწვევა მიიღო და როსონერის შეუერთდა.
საკის მილანში გადასვლის პარალელურად, პარმა თავად შედიოდა გარდამტეხ ეპოქაში. პრეზიდენტ ერნესტო ჩეზერინის ხელმძღვანელობით კლუბმა „პარმალატთან“ სპონსორული ხელშეკრულება გააფორმა. სწორედ აქ გადაწყდა კლუბის ბედი. 1913 წლიდან სერია D-სა და სერია B-ს შორის მერყევი კლუბი ბოლოს და ბოლოს ემშვიდობებოდა პროვინციულ სტატუსს.
დღეს Il Grande Parma-ს ხშირად კარლო ანჩელოტისა და ალბერტო მალეზანის ეპოქას უკავშირებენ — გუნდებს, რომლებშიც თამაშობდნენ ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტურამი, ფაბიო კანავარო, ხუან სებასტიან ვერონი, დიეგო ფუზერი, ენრიკო კიეზა და ერნან კრესპო. თუმცა სწორედ ნევიო სკალამ ჩაუყარა საფუძველი ამ წარმატებას და პირველად შეაზანზარა სერია A.
სკალამ სამწვრთნელო კარიერა წარმატებით დაიწყო და სადებიუტო სეზონშივე რეიჯინა სერია B-ში აიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ კალაბრიის დატოვება არ სურდა, მან სწორად შეაფასა პარმას პროექტის პოტენციალი. ემილიაში ჩასვლისთანავე უარი თქვა ზედმეტ სიტყვებზე და საქმის კეთებას შეუდგა. ეს იყო სკალა — ადამიანი, რომელიც თავდადებით მუშაობდა საწვრთნელ მოედანზე და დიდ ფილოსოფიას ნაკლებ ყურადღებას უთმობდა.

ვენეტოში დაბადებულმა მწვრთნელმა მყისვე დატოვა თავისი კვალი — მან გვერდზე გადადო საკის დოგმატური 4-4-2 და დანერგა 5-3-2 სქემა. ცვლილებამ მყისიერი შედეგი გამოიღო. 1989/90 წლების სეზონში სერია B-ის ზედა ნაწილში გამართული ბრძოლების შემდეგ, პარმამ სეზონის ბოლო მატჩში ადგილობრივი მეტოქე რეჯიანა 2-0 დაამარცხა და მეოთხე, ბოლო საგზური მოიპოვა უმაღლეს ლიგაში. არსებობის 77 წლის შემდეგ, ჯალობლუ საბოლოოდ შევიდა იტალიური ფეხბურთის სამოთხეში — სერია A-ში.
ამ ისტორიას ერთი ტრაგიკული მხარეც ახლავს. სერია ა-ში აღზევებას კლუბის პრეზიდენტი ერნესტო ჩეზერინი ვერ მოესწრო, რომელიც პარმას 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა, თუმცა სწორედ ამან დააჩქარა რევოლუცია..
„პარმალატმა“ კლუბის აქციების 98 პროცენტი შეიძინა. მართვის სადავეები გადაეცა რძის გიგანტის აღმასრულებელ დირექტორს, კალისტო ტანძის და პარმას მაისურებზე ამაყად გამოისახა ლეგენდარული „პარმალატის" ლოგო — ასე დაიწყო „კროჩიატების“ ლაშქრობა..

პარმას ფორმა „პარმალატის“ კოლეგას, ჯორჯო პედრანესკის ანდო, რომელმაც უკვე ნიჭიერი შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერება დაიწყო.
ბრაზილიელი მეკარე ტაფარელი და ბელგიელი ლიბერო ჟორჟ გრიუნი ლუიჯი აპოლონისა და ლორენცო მინოტის შეუერთდნენ, რითიც დაცვა გამყარდა, ხოლო შემდეგ 90-იანი წლების შვედური ფეხბურთის ვარსკვლავი თომას ბროლინი შეიძინეს, რომელიც ალესანდრო მელის შეუწყვილდა.
ამავდროულად, ნევიო სკალა ეფექტურად ნერგავდა საკუთარ ტაქტიკურ ხედვას. მან უარი თქვა ლიბეროზე და შექმნა ჰიბრიდული 5-3-2 სისტემა, რომელიც მარტივად გარდაიქმნებოდა 3-5-2-ად — ფლანგის მცველები ორივე მხარეს ფარავდნენ. შედეგმაც არ დააყოვნა: „კროჩიატებმა“ სერია ა-ს სადებიუტო სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულეს და უეფა-ს თასის საგზური მოიპოვეს..
ინვესტიციები გაგრძელდა და სკალამ ახალგაზრდა ფლანგის მცველები ანტონიო ბენარივო და ალბერტო დი კიარა მოიყვანა. მათი ენერგია გადამწყვეტი იყო მისი ტაქტიკური სისტემისთვის, რაც 5-3-2-დან 3-5-2-ზე გადასვლას შეუფერხებლად უზრუნველყოფდა.
კლუბის მზარდი ამბიციების ფონზე, მომდევნო სეზონში მეშვიდე ადგილზე გასვლა მფლობელებისთვის იმედგაცრუებად იქცა. თუმცა 1992 წლის კოპა იტალიის ფინალში იუვენტუსზე გამარჯვებამ ეს უკმაყოფილება სრულად გაანეიტრალა. სწორედ ეს ტრიუმფი გახდა როგორც თასებით სავსე ათწლეულის დასაწყისი, ისე იუვენტუსთან ეპოქალური მეტოქეობის დასაბამი.
„დუკალების“ წარმატებას თან სდევდა ტანძების ბიზნესის მზარდი საერთაშორისო ხილვადობა. ფაქტობრივად, პარმას მაისური „პარმალატის“ ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სარეკლამო იარაღად იქცა. ბრენდი და კლუბი იმდენად ერთმანეთთან იყო შერწყმული, რომ ზოგი უცხოელი კომენტატორი გუნდს პირდაპირ „პარმალატსაც“ კი უწოდებდა — შეცდომა, რომელიც კალისტოს ახარებდა, მაგრამ პარმელებს აღიზიანებდა.
ფულის უწყვეტი ნაკადის პარალელურად, სკალას ენთუზიაზმი და დაუღალავი შრომა გადამდები იყო. მისი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. სწრაფი კონტრშეტევებითა და დინამიკური მიმართულების შეცვლებით მეტოქის გაწელვით, ხოლო საჭიროებისას კომპაქტურ დაცვას ეყრდნობოდა.
გარდა ამისა, „ჯალობლუს“ გონივრულმა სატრანსფერო პოლიტიკამ შემოქმედებითსა და მუშა ძალას შორის ბალანსი შეინარჩუნა. 1992 წელს ატლეტიკო ნასიონალიდან მოსული ფაუსტინო ასპრილია და 1993 წელს ნაპოლიდან გადმოსული ჯანფრანკო ძოლა გუნდს ფანტაზიასა და ეშმაკობას სძენდნენ. მათ ნესტორ სენსინისა და მასიმო კრიპას შრომისმოყვარეობა ავსებდა, რომლებიც შესაბამისად უდინეზედან და ნაპოლიდან შეუერთდნენ გუნდს.
ბელა ვიტასადმი სიყვარულისა და მაგიური საფეხბურთო ნიჭის წყალობით, ასპრილია სწრაფად გახდა პარმას გულშემატკივართა ფავორიტი. მისი სტატუსი საბოლოოდ თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში გამყარდა, როდესაც მისმა დიდებულმა დუბლმა პარმას „ვისენტე კალდერონზე“ ატლეტიკოსთან მოაგებინა. ამას მოჰყვა კიდევ ერთი ჯადოსნური საღამო — პარმამ უემბლიზე „როიალ ანტვერპენი“ დაამარცხა და ისტორიაში პირველი ევროპული თასი მოიგო.
შიდა ასპარეზზე პარმამ 1992/93 წლების სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ყველაზე გამორჩეულად — ფაბიო კაპელოს „მილანის“ 58-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა. სკალა კაპელოსთვის ნამდვილ „შავ კატად“ იქცა მომდევნო სეზონშიც, როდესაც „როსონერის“ ევროპის სუპერთასზე სძლია.
თუმცა სკალას მოღვაწეობის პიკი 1994/95 წლების სეზონში დადგა. სეზონში, რომელმაც წარმოუდგენლად დაძაბული ბრძოლა მოიტანა ახლადშეძენილ მეტოქე იუვენტუსთან. ეს ორი გუნდი სამ ფრონტზე ებრძოდა ერთმანეთს. მარჩელო ლიპის „იუვე“, რომელიც იმ პერიოდში შეუჩერებელი ჩანდა, შიდა ასპარეზზე გამარჯვებული გამოვიდა. კოპა იტალიის ფინალში პარმა დაამარცხა და სერია A-ში 10 ქულით გაუსწრო. მაგრამ როდესაც 1995 წლის უეფას თასის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, გამარჯვება სკალას გუნდს დარჩა — დიდწილად ყოფილი ბიანკონეროს, დინო ბაჯოს დამსახურებით.
ზაფხულში პარმაში გადასულმა შეუპოვარმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა პირველ მატჩში, „ტარდინიზე“, ერთადერთი გოლი გაიტანა და „კროჩიატებს“ 1-0 გამარჯვება მოუტანა, ხოლო განმეორებით შეხვედრაში 1-1 დასრულებულ მატჩში ანგარიში გაათანაბრა. სკალამ ლიპის ტაქტიკურად აჯობა და იუვენტუსის საშიში შემტევი ტრიუმვირატი ჯანლუკა ვიალი, ფაბრიციო რავანელი და რობერტო ბაჯო გაანეიტრალა.
როგორც ყოველთვის პირდაპირი და რეალისტური სკალა აცნობიერებდა, რომ „ჯალობლუ“ შიდა ჩემპიონატში ტიტულისთვის ბრძოლას ვერ გაუძლებდა:
„ჩვენ არ გვქონდა არც მენტალური გამძლეობა და არც სტაბილურობა სკუდეტოს მოსაგებად,“ იხსენებდა პარმის ტაქტიკოსი, — „მაგრამ ერთ კონკრეტულ მატჩში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვეძლო.“
შესაძლოა, სკალას უდიდესი მიღწევა მისი მთავარი პრინციპის სიმარტივე იყო — სტაბილურობა. მან უარი თქვა ხშირ როტაციებზე და ჩამოაყალიბა მჭიდროდ შეკრული ჯგუფი, რომელიც იდეალურად ერგებოდა მის 5-3-2 სისტემას. თუმცა მმართველებს, როგორიც კალისტო ტანძია, ყოველთვის ახასიათებდათ მაკიაველისტური წყურვილი კიდევ მეტისადმი, და სწორედ მისმა ჩარევამ გამოიწვია საბოლოოდ სკალას წასვლა. კვების მაგნატს სურდა ხმაურიანი ვარსკვლავი — ფუორიკლასე, რომელსაც ერთი დარტყმით შეეძლო თამაშის ბედი შეეცვალა. სკუდეტო პრიორიტეტად იქცა.
„ბარსელონას“ ყოფილი ოქროს ბურთის მფლობელი ხრისტო სტოიჩკოვი სწორედ ასეთ ფიგურად მიიჩნეოდა. პარმამ კარიერის მიწურულში მყოფ ფეხბურთელში კოლოსალური 10 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ცხადია, ის ფაქტი, რომ ბულგარელის ტრანსფერი „პარმალატის“ აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებას დაემთხვა, სრულიად გააზრებული ნაბიჯი იყო. ტანძისთვის ყველაფერი ბიზნესი იყო და, როგორც პარმელები მოგვიანებით მიხვდნენ, მისი სიხარბე საზღვრებს არ ცნობდა.

სტოიჩკოვის მოსვლას თან დაერთო ხელმძღვანელობის მოთხოვნა ტაქტიკის შეცვლაზე. მაგრამ სკალას ავტორიტეტი მლიქვნელობით არ მოუპოვებია და ის არ აპირებდა სამ ფორვარდზე გადასვლას. მას მიაჩნდა, რომ ბულგარელის ყოფნა ძოლას ეფექტიანობას ზღუდავდა და გუნდის მთლიან თამაშს ასუსტებდა.
მიუხედავად ამისა, მეექვსე ადგილი და უტიტულო სეზონი კალისტოსთვის სიგნალი გახდა სრული გადახალისებისკენ. ნეპოტიზმმა იზეიმა — პლუტოკრატმა პრეზიდენტის გვირგვინი პედრანესკიდან საკუთარ შვილს, სტეფანოს გადააბარა.
წინა წარმატებების მიუხედავად, კლუბის „მისტერი“ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად რეჯო ემილიელი კარლო ანჩელოტი დანიშნეს. სკალა პარმას ერთგული და კლუბის გულშემატკივრებისთვის ავტორიტეტულ ფიგურად დარჩა.. იტალიაში დომინირებისკენ სწრაფვა გაგრძელდა. პირველად კი ამ პროცესში აშკარად გამოიკვეთა კალისტო ტანძის მავნე და ამორალური ხელი.
პრეზიდენტ ჯორჯო პედრანესკისთან შედარებით, სტეფანო ტანძიმ გაცილებით უფრო პირდაპირი და, უდავოდ, ნაკლებად დახვეწილი მართვის სტილი აირჩია. თანამდებობის დაკავებისას მან თქვა: „ოცნებები მხოლოდ სურვილებია“ — და მალევე დაიწყო კარლო ანჩელოტის შიდა წარმატებისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა. გუნდს შეუერთდნენ ლილიან ტიურამი, ენრიკო კიეზა, ერნან კრესპო და მარიო სტანიჩი.. ამ დიდებულ შემადგენლობას აკადემიის აღზრდილები ჯანლუიჯი ბუფონი და ფაბიო კანავაროც შეუერთდნენ..
ტაქტიკურად ანჩელოტიმ გუნდი 4-4-2 სისტემაზე გადაიყვანა, თუმცა ზოგჯერ ნევიო სკალას გამოცდილი 5-3-2 ფორმაციის ერთგულიც რჩებოდა.
მიუხედავად ამისა, ანჩელოტის პერიოდი საბოლოოდ იმედგაცრუებით დასრულდა. მარჩელო ლიპის „ვეკია სინიორას“ — იმ დროისთვის უკვე ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ „დუკალიმ“ წინააღმდეგოის გაწევა ვერ შეძლო..
ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხ ტურით ადრე „მილანთან“ და „იუვენტუსთან“ ზედიზედ ორი 1:1 ფრე პარმას ძალიან ძვირად დაუჯდა — იუვენტუსმა 1996/97 წლების სკუდეტო მხოლოდ ორი ქულით მოიგო.

ანჩელოტის მიერ სკუდეტოს ვერ მოგებას კიდევ უფრო ამძაფრებდა მისი წინააღმდეგობა სტეფანო ტანძის სურვილისადმი — საქმე რობერტო ბაჯოს მილანში წასვლას ეხებოდა. პრეზიდენტს სურდა, რომ მის გუნდს შედეგებთან ერთად ლამაზი ფეხბურთი ეთამაშა.
„ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ სკუდეტოს მოგება საკმარისია. ჩვენ ლამაზი ფეხბურთიც უნდა ვითამაშოთ.“
ანჩელოტი სკალას მსგავსად თვლიდა, რომ ტოპ ფეხბურთელის დამატება პრობლემას ვერ მოაგვარებდა..
კიდევ ერთი ტიტულო სეზონის შემდეგ, ანჩელოტი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ალბერტო მალეზანი დანიშნეს. ეს არჩევანი მხოლოდ შედეგებზე არ იყო ორიენტირებული — მას საფუძვლად ტანძების სურვილი ედო, გუნდი სანახაობრივიც ყოფილიყო. ფლორენციიდან მოსული სპეციალისტი ხმაურიანი, ემოციური და თავისუფალი ფეხბურთის მიმდევარი იყო.
ანჩელოტის ექსპერიმენტების შემდეგ, „ჯალობლუს“ ახალმა მწვრთნელმა სკალას ნაცადი მოდელი აღადგინა. რაც მთავარია, მას ამისთვის იდეალური შემადგენლობა ჰყავდა. კარში ბუფონი იდგა, ცენტრალურ დაცვაში უკვე იყვნენ ტიურამი, სენსინი და კანავარო, ხოლო მათ ფლანგებზე კლუბმა დიეგო ფუზერი და პაოლო ვანოლი გაიფორმა. დაცვას წინ ღრმად განლაგებული წყვილი ედგა — ალენ ბოგოსიანი და დინო ბაჯო, მათ წინ კი ფანტაზისტას როლში ხუან სებასტიან ვერონი მოქმედებდა, რომელიც ერნან კრესპოსა და ენრიკო კიეზას — ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ დუეტს ამარაგებდა. ეს გუნდი ტანძების ეპოქის შედევრი იყო: Il Grande Parma.
გასაკვირი არ არის, რომ 1998/99 წლების სეზონი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა — პარმამ მოიგო როგორც კოპა იტალია, ისე უეფას თასი. ფინალში „მარსელის“ 3:0 დამარცხება აბსოლუტურად დომინანტური და ცივი სიზუსტით იყო შესრულებული.
მიუხედავად იმისა, რომ „დუკალი“ გარკვეულ წარმატებებს კიდევ აღწევდა — მათ შორის 2002 წელს პიეტრო კარმინიანის ხელმძღვანელობით კოპა იტალიის მოგებას — დიდი ნანატრი სკუდეტო კვლავ მიუწვდომელი დარჩა. პარალელურად, ტანძების იმპერიაში ფინანსური ბზარები გაჩნდა და დაიწყო პარმას ყველაზე ძვირფასი აქტივების გაყიდვა..
ვერონი და კრესპო „ლაციოში“ გადავიდნენ 50 მილიონ ფუნტზე მეტი თანხის სანაცვლოდ, მოგვიანებით კი ტიურამი და ბუფონი „იუვენტუსში“ თითქმის 80 მილიონ ფუნტად. თუმცა ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა..
ტანძების ფინანსური დეგენერაციის სრული მასშტაბი მხოლოდ 2003 წელს გამოვლინდა — მაშინ, როცა „პარმალატი“ სკანდალურად ჩამოიშალა. მოვლენა, რომელსაც ხშირად „ევროპის ენრონს“ უწოდებენ. კომპანია, რომელიც იტალიაში სიდიდით მერვე იყო 20 მილიარდ დოლარამდე ვალში აღმოჩნდა. კალისტო ტანძი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში, თანხების მითვისებასა და კრიმინალურ გაერთიანებაში. მას 17 წელზე მეტი პატიმრობა მიუსაჯეს.

რადგან პარმaს ბედი პირდაპირ და სიმბოლურადაც პარმალატზე იყო მიბმული, კლუბი საგანგებო ადმინისტრაციაში გადაიყვანეს და 2007 წლამდე სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველი მართავდა. ათ წელზე ოდნავ მეტი დროის შემდეგ, პარმას ზღაპრული აღმავლობა უხეშად და უმოწყალოდ დასრულდა..
სინამდვილეში, პარმას აღმავლობა და დაცემა ძალიან ჰგავს ნაპოლის ისტორიას. ორივე კლუბი საკუთარი მფლობელების საეჭვო ბიზნესპრაქტიკების მსხვერპლი გახდა და ორივე სიმბოლოდ იქცა იტალიურ ფეხბურთში ერთდროულად დიდებული, თუმცა უკიდურესად ფუფუნებაზე აგებული ეპოქისა.
ამ წლებში პარმას წარმატება განუყოფლად არის დაკავშირებული ტანძების ოჯახის მფარველობასთან, კორუფციასთან და მაქინაციებთან. მიუხედავად ამისა, გულშემატკივრები ყოველთვის შეინახავენ იმ მოგონებებს, როცა „ჯალობლუ“ იტალიურ და ევროპულ გრანდად იქცა. მათი ერთიანობა პარმას დიდებაში აისახა და ქაოსისა და ტკივილის მიუხედავად, ბევრი პარმელი არაფერს შეცვლიდა იმ წარსულში.
უფრო მეტიც, ჯოვანი დუგალის თქმი, რომელიც „ტარდინიზე“ ხშირი სტუმარია — არსებობს განცდა, რომ კლუბი ამ მძიმე გამოცდილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა, მიუხედავად ტანძების არაკეთილსინდისიერი მმართველობისა. მოგვიანებით, ტომაზო გირარდის მსგავსი კიდევ ერთი საეჭვო ბიზნესმენის ხელშიც რომ იგივე ბედი გაიზიარეს, ოპტიმიზმს მაინც არ კარგავენ და სჯერათ, რომ დიდების დღეები დაბრუნდება.
ამ ეტაპზე კი მათ შეუძლიათ ნოსტალგიით გაიხსენონ სკალასა და მალეზანის ტრიუმფები — დრო, როცა პარმას აღმავლობა შეუჩერებელი ჩანდა. თუმცა, როგორც პარმიჯანურ დიალექტში არსებული ადგილობრივი ანდაზა ამბობს:
„როცა ხეზე ადიხარ, გახსოვდეს — რაც უფრო მაღლა ადიხარ, ტოტები მით უფრო თხელდება და მიწას უფრო შორდები.“