მიუნხენის ბაიერნი, მოკლე ისტორია, ჯოვანი ელბერი
Aa
Aa

კლასის და მნიშვნელობის საუკეთესო დასტური - ჯოვანი ელბერი

წლების განმავლობაში „ბაიერნს“ არაერთი გამორჩეული ფორვარდი ჰყოლია. გერდ მიულერმა 1970-იანები გაანათა „დიო როტენისთვის“ გატანილი 508 გოლით, ხოლო მისი ხუთწლიანი  პარტნიორი კარლ-ჰაინც რუმენიგე გერმანული ფეხბურთის უდიდეს ტალანტებს შორის დგას. უფრო ახალგაზრდა თაობას კი ალბათ უფრო კარგად ახსოვს რობერტ ლევანდოვსკი, ლუკა ტონი და მარიო გომესი — ფეხბურთელები, რომლებმაც ამ საუკუნეში უამრავი გოლი გაიტანეს.

თუმცა ბევრისთვის „ბაიერნის“ საუკეთესო ფორვარდებზე საუბრისას ჯოვანი ელბერის სახელი შეიძლება მაშინვე არ ამოტივტივდეს გონებაში. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტას შეუძლია შეედაროს იმას, რასაც მან მიაღწია. თითქმის 150 გოლი 266 მატჩში, ოთხი ბუნდესლიგის ტიტული და ჩემპიონთა ლიგის თასი — ეს მიღწევები მას უდავოდ აყენებს კლუბის დიდებულთა გვერდით. ეს არის ისტორია ბავარიის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი „ნაშვილები შვილის“.

თავისი თანამემამულეების უმეტესობისგან განსხვავებით, ელბერმა პროფესიული კარიერა ბრაზილიაში არ დაიწყო. პირველივე შესაძლებლობისთანავე მან საზღვარგარეთ გადასვლა არჩია. 1990 წელს, როცა მხოლოდ 18 წლის იყო, „მილანმა“ მისი ნიჭი შენიშნა და „ლონდრინა ესპორტე კლუბიდან“ გადაიბირა — ეს უდიდესი ნახტომი იყო დონითა და კონკურენციით.

მილანში მან მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და ფაქტობრივად შეუმჩნეველი დარჩა ლეგენდებით სავსე გუნდში. ორგზის „ოქროს ბურთის“ მფლობელ მარკო ვან ბასტენთან კონკურენცია ისედაც ურთულესია, ხოლო როცა ამას რუუდ გულიტი, დანიელე მასარო და მარკო სიმონეც ემატება, საქმე თითქმის შეუძლებელი ხდება. ამას დაემატა არაევროკავშირის ფეხბურთელებზე დაწესებული შეზღუდვები, რის გამოც ელბერს ძირითად გუნდში თამაშის შანსი პრაქტიკულად არ ეძლეოდა და ის ახალგაზრდულ (პრიმავერას) გუნდში დაკმაყოფილდა.

მომდევნო სეზონში შვეიცარიულმა „გრასჰოპერსმა“ მას პროფესიულ ფეხბურთში პირველი რეალური შანსი მისცა — და ელბერმა ამ შანსს ორივე ხელით ჩაავლო. შვეიცარიაში ჩატარებულ სამ წელიწადში და 73 მატჩში მან 43 გოლი გაიტანა და შვეიცარიის თასიც მოიგო. ამ გამოსვლებმა, ასევე 1991 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დამაჯერებელმა თამაშმა — სადაც ფინალამდე ოთხი გოლი გაიტანა — გერმანულ „შტუტგარტს“ უბიძგა, რომ მისი ტრანსფერისთვის 1.6 მილიონი ევრო გადაეხადა.

გოლები კვლავ მოდიოდა. 1994-დან 1997 წლამდე ელბერმა 44 გოლი გაიტანა. 1994/95 სეზონში მხოლოდ რვაჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, თუმცა 1995/96 და 1996/97 წლებში შესაბამისად 16 და 20 გოლი მიითვალა, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის სტატუსს — ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ ფორვარდს მსოფლიო ფეხბურთში. 1996/97 წლების სეზონი მისი კარიერის მეორე ტიტულით დასრულდა — გერმანიის თასით (DFB-Pokal). ფინალში „ენერჯი კოტბუსის“ წინააღმდეგ 2:0 გამარჯვებაში ორივე გოლი სწორედ ელბერმა გაიტანა.

შტუტგარტში მან შესანიშნავი ურთიერთგაგება ჩამოაყალიბა დიდ კრასიმირ ბალაკოვთან და ფრედი ბობიჩთან ერთად, სამეულმა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხიბლა გულშემატკივრები. ისინი ცნობილი გახდნენ როგორც Magisches Dreieck — „მაგიური სამკუთხედი“ — და დღემდე ითვლებიან ბუნდესლიგის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს, თუმცა ყველაზე ნაკლებად დაფასებულ, შემტევ ხაზად.

თუმცა, დიდი დრო არ გასულა, სანამ ეს ტრიო დაიშლებოდა. როგორც ბუნდესლიგაში ხშირად ხდება, დამნაშავე მიუნხენის „ბაიერნი“ აღმოჩნდა. კლუბი მუდმივ, სტაბილურ გოლეადორს ეძებდა და არჩევანი ელბერზე შეაჩერა. მიუნხენელებმა წამითაც არ დაიხიეს უკან და მის სანაცვლოდ 6.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. ბრაზილიელი „ბავარიაში“ გადავიდა..

პირველივე სეზონში ელბერმა 21 გოლი გაიტანა, ხოლო „ბაიერნმა“ გერმანიის თასი (DFB-Pokal) მოიგო — ეს ჯოვანის კარიერის მესამე ტიტული იყო. ამ მომენტიდან ის კიდევ უფრო ძლიერად განვითარდა. მომდევნო სეზონშიც იგივე შედეგი გაიმეორა გოლების მხრივ, ხოლო 1999 წელს ბუნდესლიგის ტიტული მიუნხენს დაუბრუნდა. ეს იყო იმ ოთხი ჩემპიონობიდან პირველი, რომლებიც ელბერმა კლუბთან ერთად მოიგო.

თუმცა, როგორც მისი, ისე „ბაიერნის“ სეზონი საბოლოოდ ტრაგიკულად დასრულდა — დაუვიწყარ 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, როდესაც 1-ბურთიანი უპირატესობა ბოლო წუთებში გაუშვეს ხელიდან.. სამწუხაროდ, მუხლის ტრავმის გამო ელბერი იმ მატჩში მონაწილეობას ვერ იღებდა.

მომდევნო სეზონში ელბერმა „ბაიერნში“ ყოფნის პერიოდში თავისი ყველაზე სუსტი გოლების მაჩვენებელი დააფიქსირა მატჩებთან შედარებით, თუმცა მაინც „ოქროს ბუცის“ რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა. მან 14 გოლი გაიტანა — ერთით მეტი, ვიდრე თანაგუნდელ პაულო სერჟიოს 13 — ხოლო „დიო როტენმა“ ბუნდესლიგის ტიტული გოლების სხვაობით მოიგო..

ისეთი კლუბისთვის, როგორიც „ბაიერნია“, ბუნდესლიგის მოგება სეზონის დაწყებისთანავე მინიმალურ მოთხოვნად ითვლება. რეალური საზომი ჩემპიონთა ლიგაა — თასი, რომელიც განსაზღვრავს, დარჩება თუ არა გუნდი ფეხბურთის ისტორიაში. 1999 წლის ფინალი ტრაგედიად აღიქმებოდა .. „ბაიერნს“ საკლუბო ფეხბურთის უმთავრესი ტიტული 1976 წლის შემდეგ აღარ ჰქონდა მოგებული. კითხვა სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა: როდის დაბრუნდებოდა ჩემპიონთა ლიგა მიუნხენში?

დიდხანს ლოდინი აღარ დასჭირდათ. 2000/01 წლების სეზონში ელბერმა და მისმა თანაგუნდელებმა ბარსელონაში განცდილი კოშმარი საბოლოოდ დაივიწყეს, როდესაც მილანში გამართულ ფინალში „ვალენსია“ დაამარცხეს. ბრაზილიელმა მოედანზე 100 წუთი გაატარა; ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები 1:1 დასრულდა, ხოლო ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა. „ბაიერნმა“, თითქმის გარდაუვლად, ეს დუელი მოიგო და კიდევ ერთხელ დაიმკვიდრა თავი ევროპის მეფედ.

მილანში გამართული ფინალი შესაძლოა ელბერის საუკეთესო მატჩი არ ყოფილიყო, თუმცა მის წვლილს ბავარიელთა ევროპულ ტრიუმფში ვერავინ უარყოფს. ფინალამდე გზაზე მან ექვსი გოლი გაიტანა, მათ შორის ორი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ნახევარფინალში. იმავე სეზონში „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაც მოიგო — დრამატულად, ბოლო ტურში „ჰამბურგთან“ ბოლო წუთებზე გატანილი გამათანაბრებელი გოლის წყალობით. ეს კამპანია ელბერის კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

პიროვნულ დონეზე, ელბერი სწორედ ამ პერიოდში შედიოდა თავის პიკში. მომდევნო ორი სეზონი წითელ მაისურში მისთვის ყველაზე შედეგიანი იყო. 2001/02 წლებში მან ყველა ტურნირზე 47 მატჩში 24 გოლი გაიტანა. თუმცა, მიუხედავად მისი გოლებისა, კლუბისთვის ეს სეზონი იმედგაცრუებად დარჩა და ერთადერთი ტიტული, რომელიც მოიგეს, საკონტინენტთაშორისო თასი იყო.

„ბაიერნში“ მისი ბოლო სრული სეზონი კარიერის გვირგვინი აღმოჩნდა. მორიგი ბუნდესლიგის ტიტულის პარალელურად, ელბერმა ჩემპიონატში 33 მატჩში 21 გოლი გაიტანა. პირველად გერმანიაში თამაშის განმავლობაში, სეზონი ლიგის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა — „ბოხუმის“ თომას კრისტიანსენთან ერთად. ყველა ტურნირზე კი კარიერული რეკორდი დაამყარა: 48 მატჩში 31 გოლი — შთამბეჭდავი მაჩვენებელი ნებისმიერი ფორვარდისთვის.

„არაჩვეულებრივია, რომ ამას ახლა მივაღწიე, ბუნდესლიგაში თითქმის ათწლეულის შემდეგ. დუბლი, ბომბარდირობა და შემდეგ გულშემატკივრების მიერ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება — ეს ყველაფერი საოცარია და დიდ სიამაყეს მანიჭებს,“ — თქვა ელბერმა.

ბედის ირონიით, ეს ფაქტობრივად მისი კარიერის დასასრულიც გახდა — არა მხოლოდ „ბაიერნში“, არამედ მთლიანად გერმანიაში, თუ არ ჩავთვლით „ბორუსია მიუნხენგლადბახის“ მაისურით ჩატარებულ ოთხ მატჩს 2004-2006 წლებში. 2003/04 სეზონში ხუთ მატჩში გატანილი ორი გოლის შემდეგ, ელბერი „ლიონში“ გადავიდა, სადაც კიდევ ერთი ბრაზილიელი, სონი ანდერსონი ჩაანაცვლა, რომელმაც „სტად ჟერლანი“ „ბარსელონას“ გამო დატოვა. საფრანგეთში მან იგივე სიმაღლეებს ვერ მიაღწია, თუმცა მაინც ორჯერ მოიგო ლიგა 1 და 43 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

ერთი გოლი კი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა. ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონი“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდა. ნოემბერში, მიუნხენში გამართულ შეხვედრაში, ელბერმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ფრანგებს 2:1 მოაგებინა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ კლუბს მარცხი აგემა, ბავარიელმა გულშემატკივრებმა ის მაინც თბილად მიიღეს. ალბათ, ეს მისი კლასის და მნიშვნელობის საუკეთესო დასტურია.

2006 წელს ელბერი ბრაზილიაში დაბრუნდა. „კრუზეიროში“ ერთი წელიც არ გაჩერდა და მამის გარდაცვალების შემდეგ ემოციურად გამოაცხადა კარიერის დასრულება. ეს იყო დიდებული კარიერის სევდიანი ფინალი..

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა ნათლად აჩვენებს მისი გოლების გატანის უნარს, უსამართლო იქნებოდა ელბერის გავლენის მხოლოდ ციფრებით შეფასება. ის ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გოლეადორი. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალური კარიერის თითქმის მთელი ნაწილი სამშობლოს გარეთ გაატარა, მისი თამაშის სტილი ბრაზილიური ფესვების ერთგული ბოლომდე დარჩა. მას ჰქონდა ის თავდაჯერებული მანერა, რომელიც ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ასოცირდება — ფანტაზია, ვნება და ტექნიკა მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც მეკარეების დამარცხების უნარი..

თუმცა სანაკრებო დონეზე წარმატებამ მას გვერდი აუარა. ელბერმა „სელესაოს“ მაისურით მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სტაბილური ადგილის დასამკვიდრებლად და მისი ბოლო თამაში ბრაზილიის ნაკრებში 2001 წელს შედგა.

„კრუზეიროდან“ წასვლის შემდეგ ელბერი ოჯახთან ერთად ბრაზილიაში დარჩა. როგორც გერმანულის თავისუფლად მცოდნე, ის ხანდახან ტელევიზიით საერთაშორისო ტურნირების ანალიტიკოსადაც ჩნდება — როგორც გერმანიაში, ისე ბრაზილიაში. 2017 წლის იანვარში ის „ბაიერნის“ ელჩი გახდა, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ხშირად მიმართავენ მას კლუბთან დაკავშირებულ თემებზე კომენტარისთვის.

თავისუფალ დროს ელბერი ფერმასაც უვლის. შესაძლოა, ეს საუკეთესოდ აჩვენებს, რომ ყურადღების ცენტრის მიღმა ყოფნა ზუსტად ის არის, რაც მას მოსწონს. „ბაიერნში“ ბევრი ყოფილი ფეხბურთელი ხმამაღლა საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე. იმ კაცისთვის კი, რომელმაც 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ბუნდესლიგა გაანათა, ჯოვანი ელბერმა თავისი ფეხბურთი ამეტყველა — და სიტყვები ზედმეტი გახდა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები