„გაუგებარი მეტოქეები ჰყოლია“ | შარა ბულეტისთვის ილია გადაფასებული მებრძოლია
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შარაბუტდინ მაგომედოვმა, ილია თოფურიაზე ისაუბრა. „შარა ბულეტის“ აზრით, „ელ მატადორი“ გადაფასებული მებრძოლია და ტიტულისკენ მიმავალ გზაზე გაუგებარი მეტოქეები ჰყავდა.
„ვინ არის მებრძოლი, რომელიც ზედმეტადაა დაფასებული? ვფიქრობ, ილია თოფურიაა ასეთი. კარგი მებრძოლია, მაგრამ თუ გადავხედავთ მის მიერ საჩემპიონო ქამრისკენ გავლილ გზას, ვნახავთ, რომ იყო 4-5 ისეთი ორთაბრძოლა, რომლებშიც გაუგებარ მეტოქეებს ეჩხუბა. ხოლო მაშინ, როდესაც რეალურად სერიოზულ მოწინააღმდეგეებს ხვდებოდა, ისინი კარიერის პიკში არ იყვნენ.
ჩარლზ ოლივეირა პიკში არ იყო, მაქს ჰოლოუეი ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ძველებურ დონეზე აღარაა. კარიერის განმავლობაში ბევრი დარტყმა აქვს მიღებული და მგონია, რომ ჩხუბით ცოტათი დაიღალა. არც ვოლკანოვსკი იყო თავის შესაფერის დონეზე.“
ცნობისთვის, „ელ მატადორს“ UFC-ში იუსეფ ზალალთან, დეიმონ ჯექსონთან, რაიან ჰოლთან, ჯაი ჰერბერტთან, ბრაის მიტჩელთან, ჯოშ ემეტთან, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან, მაქს ჰოლოუეისთან და ჩარლზ ოლივეირასთან უჩხუბია. ზალალი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მებრძოლად ითვლებოდა, როცა თოფურიას დაუპირისპირდა და ილიას დებიუტი სწორედ მასთან შედგა. რაიან ჰოლთან ჩხუბი მისი უცნაური სტილის გამო არავის უნდოდა. ბრაის მიტჩელი დაუმარცხებელი იყო, ემეტის ძალას ყველა უფრთხიდა, ბოლო სამზე კი არაფერს ვიტყვით.