ფაჩულიას ლიდეორბა მოხსნებში, კარის მორიგი ტრავმა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" NBA-ს რეგულარულ სეზონში მორიგი მატჩი გამართა და "ორაქლ არენაზე" გამარჯვება მოიპოვა.
"მეომრების" მეტოქე ამჯერად ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდი "ატლანტა" იყო. სტივ კერის გუნდმა პირველი ნახევრის წაგების შემდეგ თამაშში გარდატეხა შეიტანა და საბოლოოდ 106:94 მოიგო.
ტრავმის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა სტეფ კარი, რომელმაც 25 წუთში თავის გუნდს 29 ქულა მოუტანა, თუმცა "ოქროს ბიჭუნას" დაბრუნება მაინც უიღბლო გამოდგა, რადგან ის კვლავ დაშავდა.
მესამე მეოთხედის მიწურულს კარი თანაგუნდელ ჯავალ მაკგის შეეჯახა და მუხლი დაიზიანა. 30 წლის კალათბურთელმა პარკეტი თავისი ფეხით დატოვა და შეხვედრაში მონაწილეობა აღარ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ კარი ანალოგიურ სიტუაციაში ზაზა ფაჩულიას შეეჯახა, მაგრამ იმ ეპიზოდში ტრავმას გადაურჩა, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 15 წუთი დაჰყო და თავისიანებს 2 ქულით, 9 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაეხმარა. "გოლდენ სტეიტის" რიგებში მოხსნების მაჩვენებლით ზაზა საუკეთესო იყო.
"უორიორსი" დასავლეთ კონფერენციაში 54 გამარჯვებითა და 14 მარცხით მე-2 პოზიციას იკავებს. ოკლენდელებს მომდევნო მატჩი 26 მარტს "იუტა ჯაზთან" ელით.
ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
პორტლენდი-ბოსტონი 100:105
სან ანტონიო-იუტა 124:120
ჩიკაგო-მილუოკი 105:118
ოკლაჰომა-მაიამი 105:99
კლივლენდი-ფინიქსი 120:95
ნიუ იორკი-მინესოტა 104:108
ტორონტო-ბრუკლინი 116:112
ინდიანა-ლეიკერსი 109:104
ვაშინგტონი-დენვერი 100:108