ახლა სრულყოფილი მებრძოლი ვარ | ოლივეირამ ჰოლოუეისთან ბრძოლა გაიხსენა
36 წლის ბრაზილიელმა მებრძოლმა ჩარლზ ოლივეირამ მაქს ჰოლუეისთან ბრძოლა გაიხსენა. მათი პირველი შეხვედრა 2015 წელს შედგა, სადაც ოლივეირამ საყლაპავის მიკრო-ტრავმა მიიღო ბრძოლის დასაწყისშივე და ტექნიკური ნოკაუტით (ტრავმის გამო) წააგო. ოლივეირა ხაზს უსვამს თავის ტრანსფორმაციას, თუ როგორ იქცა ცალმხრივი გრეპლერიდან (ჯიუ-ჯიცუს ოსტატიდან) უნივერსალურ ჩემპიონად.
ვიდეო ჩარლზ ოლივეირამ საკუთარ X-ზე გამოაქვეყნა: „იმ ბოლო ბრძოლიდან დღემდე მე ძალიან განვვითარდი. იმ ბრძოლაში ტრავმით შევედი. ეს სულ სხვა ჩარლზია. ვიცი, რომ ისიც (ჰოლოუეი) განვითარდა, გაიზარდა, ის BMF ჩემპიონია, მაგრამ დღევანდელი ჩარლზი სრულიად სხვა ადამიანია. იმ დროს მე მხოლოდ ჯიუ-ჯიცუს ჩარლზი ვიყავი, დღეს MMA-ის ჩარლზი ვარ. მე სრულყოფილი მებრძოლი ვარ. მაშინ უბრალოდ ბიჭი ვიყავი. დღეს ლომი ვარ ლომებს შორის, ასე რომ, ეს ორი ბრძოლა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება“.
შეგახსენებთ, მაქს ჰოლოუეი BMF-ის ტიტულს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ დაიცავს UFC 326-ის მთავარ ბრძოლაში, ეს ღონისძიება 7 მარტს გაიმართება.
ჰოლოუეი და ოლივეირა მსუბუქი წონის გამორჩეულ მებრძოლებად ითვლებიან. ჰოლოუეიმ BMF ტიტული UFC 300-ზე, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ბოლო წამზე შესრულებული ეპიკური ნოკაუტით მოიპოვა, მოგვიანებით კი ქამარი დასტინ პორიესთან ბრძოლაში დაიცვა, რომელიც ამ უკანასკნელისთვის კარიერის დასასრული აღმოჩნდა.
ამ დაპირისპირებაში გამარჯვებით ორივე მებრძოლი მსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან რევანშს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ წარსულში ორივე მათგანი დამარცხდა თოფურიასთან, ჰოლოუეი ქვემსუბუქ, ოლივეირა კი მსუბუქ წონით კატეგორიაში. UFC 326-ზე ტრიუმფი ნებისმიერ მათგანს საჩემპიონო რბოლაში სრულფასოვნად დააბრუნებს.