„კომპაქტური დაცვა და სწრაფი შეტევები“ | უოტფორდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ჩაკვეტაძეს, ნიკოლოზ ჩიქოვანსა და საბა გოგლიჩიძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. „უოტფორდმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ 35 წლის სპეციალისტი ედ სტილი დანიშნა.
სტილმა კლუბთან კონტრაქტი 2.5 წლით გააფორმა. „კრაზანების“ ჩაბარებამდე მას „ეუპენსა“ და „კორტრაიკში“ უმუშავია. „უოტფორდი“ ახალი მთავარი მწვრთნელით პირველ შეხვედრას „პრესტონის“ წინააღმდეგ გამართავს.
„ძალიან გახარებული ვარ. უბედნიერესი ვარ და ვამაყობ, რომ აქ ვიმყოფები. „უოტფორდი“ არის კლუბი, რომელსაც ფანტასტიკური ისტორია აქვს და ინგლისურ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ჩემი მთელი ყურადღება წარმატებულ გზაზე მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებაზე იქნება მიპყრობილი და ვეცდები, ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი მივიღო. გულშემატკივრებს შეუძლიათ, აგრესიული, კომპაქტური დაცვის მქონე და სწრაფად შემტევი გუნდის მოლოდინში იყვნენ“, — განაცხადა სტილმა.
ცნობისთვის, „უოტფორდს“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ მეექვსე ადგილზე მყოფ „რექსემს“ 3 ქულით ჩამორჩებიან.