პირველად ისტორიაში - ზამთრის პარალიმპიადაზე ქართველი იასპარეზებს
თემურ დადიანმა ქართული პარასპორტის ისტორიაში უნიკალურ შედეგს მიაღწია - ის პირველი ქართველი პარა ათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. ამის თაობაზე სათხილამურო და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციისგან საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა ოფიციალური წერილი მიიღო, სადაც თემურის ლიცენზია ოფიციალურად დადასტურებულია.
ისტორიულ წარმატებას დადიანმა ბავარიაში გამართულ ფინსტერაუს მსოფლიოს თასზე მიაღწია. თხილამურებით კროსში გამართულ შეჯიბრებაში თემურმა სამ საშეჯიბრო ტრასაზე, ორჯერ 10-კილომეტრიან დისტანციაზე, ხოლო ერთხელ 1-კილომეტრიან დისტანციაზე სპრინტში ჯამში 208 ქულა დააგროვა, რაც საბოლოო მიზნის მისაღწევად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
ცნობისათვის, მილანი და კორტინა ზამთრის პარალიმპიადას 6-დან 15 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს, სადაც თემურ დადიანი პარა ქროს-ქანთრის დისციპლინაში იასპარეზებს.