„ადამიანი ძირს დააგდეს და 10-ჯერ ესროლეს, ამაზე ხმა უნდა ამოვიღოთ!“ - პეპი აშშ-ის მოვლენებზე
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურთან (ICE) დაკავშირებულ ინციდენტებზე ისაუბრა.
7 იანვარს, ICE-ის თანამშრომელმა მინეაპოლისის მცხოვრები, რენე ნიკოლ გუდი მოკლა (არალეგალი მიგრანტების დაკავების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს). 24 იანვარს კი, იმავე ქალაქში, ამავე უწყების თანამშრომლებმა მოკლეს ალექს პრეტი - მას სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს და მიწაზე დააგდეს, როდესაც იგი წაქცეული ქალის წამოყენებას ცდილობდა. ამის შემდეგ მამაკაცს დაახლოებით 10-ჯერ ესროლეს.
„ხმა უნდა ამოვიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლიანობა უბრალოდ გვერდს აგვივლის. შეხედეთ, რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში რენე გუდისა და ალექს პრეტის შემთხვევაში. ისინი მოკლეს! ერთ-ერთი მათგანი მედძმა იყო. მის გარშემო ხუთი თუ ექვსი ადამიანი იდგა, ბალახზე დააგდეს და 10 ტყვია ესროლეს. მითხარით, როგორ შეიძლება ამის გამართლება?
თუ რამე დააშავე, სასამართლოს წინაშე უნდა წარდგე და ციხეში ჩაჯდე, თუკი დამნაშავე ხარ. ასეა მოწყობილი თანამედროვე სამყარო. იდეალური საზოგადოება არ არსებობს - არც მე ვარ იდეალური, არც არავინ და არც საზოგადოებებია სრულყოფილი, თუმცა უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციოთ.
ადამიანი, რომელიც ქალის დასაცავად წავიდა, ალყაში მოაქციეს და სწორედ ამის გამო მოკლეს. ვის შეუძლია ამის გამართლება? არ ვიცი. მე ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიქნები.
დღეს ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიური მიღწევები და კაცობრიობას გააჩნია ისეთი უზარმაზარი შესაძლებლობები, როგორიც არასდროს ჰქონია. ჩვენ შეგვიძლია მთვარეზე გაფრენა, ყველაფერი შეგვიძლია, მაგრამ მაინც ერთმანეთს ვხოცავთ. რისთვის? რატომ? ვხედავ სხვადასხვა კადრებს და ეს გულს ძალიან მტკენს“,
- განაცხადა გუარდიოლამ The Athletic-თან საუბრისას.