„იმედი მაქვს, ილიას დაამარცხებს“ | პიმბლეტს გეიჯისთან მეორე ჩხუბი სურს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ყოფილ მეტოქეზე, ჯასტინ გეიჯიზე ისაუბრა. „ბედიმ“ იმედი გამოთქვა, რომ გეიჯი ილია თოფურიას დაამარცხებს და მასთან რევანშის აღების საშუალება მიეცემა.
„გეიჯის გამარჯვებას ვულოცავ. ოქტაგონში შესვლამდე ვთქვი, რომ ჯასტინის საუკეთესო ვერსიის ხილვა მინდოდა და სწორედ ეს მოხდა. გეიჯის ვესაუბრე. იმედი მაქვს, ილიას დაამარცხებს და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება, შემდეგ კი კიდევ ერთხელ ვიბრძოლებთ.
ამ ჩხუბში იყო რამდენიმე ასპექტი, რომელთა გამოსწორებაც მსურს, თუმცა წარსულში ვერ დავბრუნდებით და ვერაფერს შევცვლით. გეიჯი კარიერის ბოლო ეტაპზე იმყოფება და იმედია , მასთან კიდევ ერთი ორთაბრძოლის გამართვას მოვასწრებ.“
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა და გეიჯიმ დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბეს. ჯასტინმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და მისი მომდევნო მეტოქე ილია თოფურია იქნება.