20 ქულა და 4 სამქულიანი | ბრწყინვალე მამუ და ტორონტოს გამარჯვება იუტასთან
„ტორონტო რეპტორსმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „იუტა ჯაზს“, საშინაო არენაზე დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა — 107:100.
„მამუს“ გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა და „ტორონტოს“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 30 წუთი და 21 წამი გაატარა და 20 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 7-დან 4 სამქულიანი, 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
სანდრომ 1 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა, 4-ჯერ დაჯარიმდა და მის პასივში 4 დაკარგვა იყო. „რეპტორსის“ შემადგენლობაში მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ არჯეი ბარეტმა ჩააგდო, რომელმაც შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. ბრენდონ ინგრემს 19 ქულა ჰქონდა, იმანუელ ქუიკლის — 17.
„ტორონტომ“ მიმდინარე რეგულარულ სეზონში 30-ე გამარჯვება მოიპოვა. „რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე პოზიციას იკავებს და მისი მომდევნო გაჩერება „მინესოტა ტიმბერვულვზია“, რომელსაც 5 თებერვალს საშინაო არენაზე მიიღებს.