„გოგლიჩიძე წავიდა“ - უდინეზეს მწვრთნელმა საბას ტრანსფერი დაადასტურა
„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიანიჩმა „რომასთან“ მატჩის წინ, იტალიურ მედიასთან დაადასტურა, რომ საბა გოგლიჩიძე გუნდიდან წავიდა.
რა თქვა რუნიაიჩმა:
„ბუკსა გამოჯანმრთელების პროცესშია, ის კვლავ რეაბილიტაციას გადის და კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება. წვივის ტრავმა ყოველთვის მარტივად სამკურნალო არ არის; ასეთი სიტუაციები ხდება ხოლმე, თუმცა ზუსტი ვადები არ ვიცით. მისი მდგომარეობა უმჯობესდება. კამარა და რუი მოდესტო გუნდს ვერ დაეხმარებიან, ისევე როგორც ძანიოლო. გოგლიჩიძე წავიდა. ამ მომენტში შეზღუდული შემადგენლობა გვყავს, თუმცა არსებულ ვითარებასთან შეგუება მოგვიწევს.“
ქართველი მცველი კარიერას გიორგი ჩაკვეტაძისა და ნიკოლოზ ჩიქოვანის „უოტფორდში“ გააგრძელებს. გოგლიჩიძე ინგლისურ კლუბში სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, „უოტფორდს“ ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ საბა კვლავ „უდინეზეში“ დაბრუნდება.