მეცის 8-მატჩიანი მოუგებელი სერია - ორივე გიორგიმ ითამაშა
საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „მეცის“ მოუგებელი სერია 8 მატჩამდე გაიზარდა. ლიგა 1-ის მეოცე ტურში გათამაშების აუტსაიდერი სტუმრად „ანჟერს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. მატჩის სცენარზე გადამწყვეტი გავლენა მეცხრე წუთზე „მეცის“ კოტ დ'ივუარელი ლეგიონერის, ჟან-ფილიპ გბამინის გაძევებამ მოახდინა, რადგან რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სტუმრებმა მასპინძლებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, მათ კარში ერთადერთი ბურთი კი 25-ე წუთზე ლუი მიტონმა გაიტანა.
რაც შეეხება „მეცის“ ქართველ ლეგიონერებს, გიორგი წიტაიშვილმა სრულად ითამაშა და განსაკუთრებით მეორე ტაიმში ფლანგზე საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა თანაგუნდელები მხარს სათანადოდ ვერ უბამდნენ. მან ათბალიანი სისტემით 6,8 მეათედი შეფასება მიიღო, ერთი გამამწვავებელი გადაცემა გააკეთა და დრიბლინგის ხუთი მცდელობიდან წარმატებული ორი აღმოჩნდა. გიორგი აბუაშვილი ცვლილებაზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, ბურთს ათჯერ შეეხო და ერთი გამამწვავებელი პასის ავტორი გახდა.
ცნობისათვის, ოც ტურში დაგროვებული 12 ქულით „მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ეს გუნდი საკუთარ სტადიონზე „ლილთან“ გამართავს, რომელიც 6 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.