აქილევსის მყესზე ოპერაცია ჩაუტარდა - კაკაბაძე კიდევ 3 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრების და „კრაკოვიას“ მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, ტრავმის გამო მოედანზე ნოემბრის შემდეგ არ გასულა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ პოლონური გუნდის ქართველ კაპიტანს მყესზე პრობლემის გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და მისი დაბრუნება კიდევ უფრო დიდი ხნით გადაიდო.
„კრაკოვიას“ ოფიციალური გვერდის ცნობით, კაკაბაძის რეაბილიტაციას 3 თვე დასჭირდება.
„ოთარ კაკაბაძეს აქილევსის მყესის არეში გამწმენდი ოპერაცია ჩაუტარდა, რაც მიზნად ისახავს ვარჯიშისა და თამაშის პროცესის უფრო კომფორტულად გაგრძელებას. პროცედურა ფინეთში, მსოფლიოში აღიარებულ ქირურგთან, დოქტორ ლასე ლემპაინენთან ჩატარდა და ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. სავარაუდოდ, ფეხბურთელს მოედანზე გასვლა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში არ შეეძლება“.
- წერია „კრაკოვიას“ განცხადებაში.
30 წლის კაკაბაძემ ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. პოლონეთის ჩემპიონატში მისი გუნდი 18 ტურის შემდეგ, 27 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.