მამუკელაშვილის 9 ქულა - ტორონტომ ნიქსთან წააგო
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და 92:119 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 24:31 წუთი გაატარა და ამ დროში 9 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო, რომელმაც 27 ქულას, 6 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, სკოტი ბარნსმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა (17 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი). „ნიქსის“ რიგებში 30 ქულა მიკალ ბრიჯესს ჰქონდა, 26 კი ოჯი ანუნობის. ასევე აღსანიშნავია კარლ-ენტონი თაუნსის ფენომენალური თამაში, რომელმაც 8 ქულასა და 2 შედეგიან გადაცემასთან ერთად 22 მოხსნა მიითვალა.
ამგვარად, „რეპტორსის“ 4-მატჩიანი წაუგებელი სერია საშინაო მარცხით დასრულდა. კანადელები 29 მოგებითა და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი სტუმრად, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ წინააღმდეგ გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ „ორლანდომ“ შინ „მაიამი ჰიტს“ მოუგო (133:124), გოგა ბითაძეს კი სათამაშო დრო არ მისცემია.