„ილია მახაჩევთან საბრძოლველად წავა“ - ცარუკიანის გეიჯისთან შეხვედრის იმედი
UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში დროებითი ჩემპიონის გამოვლენის მიუხედავად, ბევრი რამ გასარკვევი რჩება. ერთი შეხედვით თითქოს გადაწყვეტილია, რომ საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურიას მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელმაც პედი პიმბლეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თუმცა, ამავე წონის ნომერ პირველი პრეტედენტი არმან ცარუკიანი მოვლენების სხვაგვარად განვითარებას ვარაუდობს, რაზეც დეტალურად ისაუბრა.
არმან ცარუკიანი
მე ნამდვილად მინდა ჯასტინთან ბრძოლა, რადგან ის ჩემი დივიზიონის დროებითი ჩემპიონია. თუ თოფურია წელს ოქტაგონზე დაბრუნდება, მაშინ რა თქმა უნდა გეიჯი მას დაუპირისპირდება, მაგრამ თუ ილია დროებით ჩემპიონთან ჩხუბს აპრილში, ან ივნისში არ დათანხმდება, მაშინ საქმეში მე ჩავერთვები. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, თოფურია-გეიჯის ბრძოლა არ შედგება, რადგან ილია ისლამ მახაჩევთან დაპირისპირების სურვილის გამო ქვესაშუალო დივიზიონში ავა.
ცნობისათვის, ილია თოფურია დღეს უკვე გამოეხმაურა გეიჯი-პიმბლეტის საჩემპიონო ორთაბრძოლას და X-ზე თავისი სტატუსით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალიან მალე ოქტაგონში დაბრუნდება, რის გამოც წესით არმან ცარუკიანს ასეთი ოპტიმისტური განწყობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ სომეხი მებრძოლი იხტიბარს მაინც არ იტეხს და საკუთარი თავის წინა პლანზე წამოწევას ცდილობს.