მეორე ადგილი სამი გოლის შემთხვევაში - სებისკვერაძის დამატებითი მოტივაცია
დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფუტსალში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. ჯგუფური ეტაპის II ტურში ავთანდილ ასათიანის მომზადებული გუნდის მეტოქე ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ხორვატია იქნება. მარცხის შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები მეოთხედფინალში გასვლის შანსს დაკარგავენ, ხოლო თუ გაიმარჯვებენ პლეი ოფის საგზურის მოპოვება ისევ შეეძლებათ.
ეროვნული ნაკრების 36 წლის ვეტერანი ფეხბურთელისთვის არჩილ სებისკვერაძისთვის ეროვნულ გუნდში გამართული ყოველი შეხვედრა ფინალის ტოლფასია, თუმცა ეს ევროპის პირველობა მისთვის დამატებითი მოტივაციის მიმცემია. ევროპის ჩემპიონატის როგორც საკვალიფიკაციო, ასევე ფინალურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით სებისკვერაძე (37 ბურთი) ტოპ სამეულშია და მხოლოდ რუს კონსტანტინ ერემენკოს (44) და უკრაინელ სერჰი ქორიძეს (39) ჩამორჩება, რომელთაც კარიერა დიდი ხნის წინ დაასრულეს. გამოდის, რომ არჩილს კარგი შანსი აქვს პირველზე თუ არა, ამ ტურნირის შემდეგ მეორე ადგილზე მაინც გადავიდეს.
ცნობისათვის, არჩილ სებისკვერაძემ საერთო ჯამში საქართველოს ფუტსალის ნაკრებში გამართულ 115 შეხვედრაში თავი 67 გოლითა და 23 საგოლე პასით გამოიჩინა.