მაღალი ემოციური ფონი და მომენტების რეალიზაცია - ასათიანი წარუმატებლობის მიზეზებზე
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მოგების გარეშე დაასრულა. ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ლატვიელებთან და ფრანგებთან მატჩი დათმო, ხოლო ხორვატებთან ფრედ, 2:2 ითამაშა. რამდენად რთული იყო მისი მომზადებული გუნდისთვის პლეი ოფის საგზურის მოპოვება და რატომ ვერ მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა, ამის თაობაზე ფუტსალის ეროვნული გუნდის დამრიგებელმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ისაუბრა.
ავთანდილ ასათიანი
ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ ვიასპარეზეთ, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდებით. რთულ ჯგუფში რომ მოვხვდით ამაზე ისიც კარგად მეტყველებს, რომ როგორც ხორვატიის, ასევე საფრანგეთის ნაკრებმა მეოთხედფინალური ბარიერი მარტივად გადალახა და ნახევარფინალში გავიდა. ყველაზე მძიმე დარტყმა ბუნებრივია ლატვიასთან განცდილი მარცხი გახლდათ. ბიჭებთან ერთად ყველაფერი გავაანალიზე და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ მატჩში წარმატებას მაღალი ემოციური ფონისა და გამოუყენებელი მომენტების გამო ვერ მივაღწიეთ.
უკვე თორმეტი წელი გავიდა ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბებიდან და ბევრსაც მივაღწიეთ. კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ორჯერ ვითამაშეთ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური კი ჯიბიდან ამოგვაცალეს. ბიჭებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. მიხარია, რომ ჩიმაკაძე და სხვები უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ღავთაძემ პენალტი გააფუჭა, მაგრამ შემდეგ ისეთი საგოლე პასი შეასრულა, მისი ნახვა ერთ რამედ ღირდა. ასევე გამოსარჩევია საბა ტყეშელაშვილი, რომელიც უნიჭიერესი ახალგაზრდაა და კიდევ მოუმატებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ შოთა თოფურია და ირაკლი თოდუა ძალიან დაგვაკლდნენ - მათი არყოფნის გამო ვახტანგ კეკელიას უკან ჩამოწევა მოგვიწია, რომელიც შეტევაში ძალიან სასარგებლოა.
რაც შეეხება ალი ასლანს, ფაქტია, რომ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. სიმართლე გითხრათ, დიდი ხნის განმავლობაში მსურდა, რომ მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა და საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გამოგვივიდა, რაშიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა უდიდესი როლი ითამაშეს.
ცნობისათვის, საქართველოს ფუტსალის ნაკრებს აპრილში ფანჯარა ამხანაგური მატჩებისთვის ექნება. მაისში კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა შედგება, თუმცა მუნდიალზე გასვლა ძალიან რთული იქნება, რადგან ევროპას მხოლოდ ხუთი, ან საუკეთესო შემთხვევაში ექვსი გუნდის კვოტა ექნება გამოყოფილი.