ნიკოლოზ გაბრიჩიძე
Aa
Aa

„საქართველოსთვის თამაშის დროს ყველაფერი უნდა გაიღო“ - ინტერვიუ ნიკოლოზ გაბრიჩიძესთან

2026 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და პლეი ოფში ვერ გავიდა. თუმცა, ჯგუფური ეტაპის მსვლელობისას, იყო ცალკეული მომენტები, რომელთა გახსენების დროსაც, ჩვენი ქვეყნის ნაკრების თამაშის მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩებოდა. ლატვიასა და ლიეტუვაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ნიკოლოზ გაბრიჩიძე, რომელმაც საფრანგეთის უძლიერესი ნაკრების კარში გოლიც გაიტანა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაბრიჩიძემ განვლილი ევროპირველობა საინტერესოდ შეაფასა და სხვა საკითხებზეც დეტალურად ისაუბრა.

ნიკოლოზ გაბრიჩიძე

ევროპის ჩემპიონატს ჩვენი გუნდისთვის ყველა ვარიანტში დადებითად შევაფასებდი. ასეთი დონის ტურნირზე ასპარეზობა და იქ მიღებული გამოცდილება საქართველოს ნაკრების თითოეული მოთამაშისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. რა იყო წარუმატებლობის მთავარი მიზეზი? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის რამდენიმე წევრს წინა კონტინენტის პირველობაზე ნათამაშები ჰქონდა, საერთო ჯამში ალბათ მაინც გამოცდილება დაგვაკლდა და რა თქმა უნდა იღბალიც, რადგან ლატვიასთან და საფრანგეთთან მატჩებში უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ.

დადებითი მოხდა ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიგრძენით, რომ ტოპ-გუნდებთანაც შეგვიძლია ტოლსწორად ბურთაობა და მოგებაზე ფიქრი. უბრალოდ, მიზნის მისაღწევად ასეთ დონეზე და ასეთი კლასის მოწინააღმდეგეებთან რაც შეიძლება ხშირად თამაში გვჭირდება, რათა კიდევ უფრო მეტად ვპროგრესირდეთ და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ.

პირველ ტურში ლატვიელებთან ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვება იყო და სხვა შედეგის გაგონებაც კი არ გვსურდა. როდესაც ასეთ მარცხს მიიღებ, ბუნებრივია ფეხზე წარმოდგომა რთულია. თუმცა, პასუხისმგებლობას ვგრძნობდით და ისიც კარგად გვესმოდა, რომ როდესაც საქართველოსთვის თამაშობ, ყველაფერი უნდა გაიღო. ავთო ასათიანი თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალურად მიუდგა და მისმა შრომამაც უდიდესი შედეგი მოიტანა, რაც ხორვატებთან და ფრანგებთან ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმაც გამოაჩინა.

ახლა, პოსტ-ფაქტუმ ამაზე საუბარი უაზრობაა, მაგრამ მერწმუნეთ, სხვა ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით, უკეთეს შედეგს დავდებდით. თუნდაც სომხეთი, ლიეტუვა და უკრაინა რომ იყვნენ, ამ გუნდებთან სულ სხვანაირად ვითამაშებდით. ჩვენ კი მოვხვდით ორ მომავალ ნახევარფინალისტთან და მასპინძელ ლატვიასთან, რომელსაც ბოლო პერიოდში პროგრესი აქვს.

ალი ასლანი საოცარი მეკარე და ასეთივე ადამიანია. ზოგადად ფუტსალში მეკარის დამაჯერებელ ასპარეზობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან როდესაც იცი, რომ კარში ყველაფერი რიგზეა, სულ სხვანაირად იმუხტები და ცდილობ მას არაფერში ჩამორჩე.

არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს ეჭვი არასოდეს გვეპარებოდა, რომ საქართველოს ნაკრებს ფუტსალში დადებითი შედეგის მიღწევა ბრაზილიელების გარეშეც შეეძლოთ. ვფიქრობ, ეს სულ ახლახანს კარგად დავამტკიცეთ და ამაზე შეჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ.

ცნობისათვის, აპრილში საქართველოს ფუტსალის ნაკრებს საკონტროლო მატჩების ჩასატარებლად ფანჯარა ექნება და ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, სპარინგებს აზერბაიჯანელებთან გავმართავთ. მაისში კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა იქნება, თუმცა მუნდიალზე მოხვედრა ნამდვილად ურთულესი ამბავია, რადგან ევროპას მხოლოდ 6 გუნდის კვოტა აქვს გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რვაწლიანი ლოდინის შემდეგ - ასლანის ახდენილი ოცნება
რვაწლიანი ლოდინის შემდეგ - ასლანის ახდენილი ოცნება