“ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - ასათიანი ხორვატიასთან მატჩის წინ
25 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა.
მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა გიორგი ღავთაძემ გააკეთეს.
ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს ვაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ჯგუფიდან გასვლის შანსი იარსებებს. ორი რთული მატჩი გველის, თუმცა ახლა მხოლოდ ხორვატიაზე ვფიქრობთ. ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ფიზიკურად ძლიერი, მაღალი დონის გუნდია. ვფიქრობ, წარმატების შანსი გვექნება, თუ მეტოქეს ჩვენს თამაშს მოვახვევთ“.
გიორგი ღავთაძე (ფუტსალის ნაკრების წევრი): „აუცილებლად გვჭირდება ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვება . მეტოქე ძალიან ძლიერია და რთული თამაში გველის. თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს, ვიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“.
ხორვატია – საქართველოს მატჩი 25 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
წყარო - nakrebi.ge