ფანებმა გზა გადაუკეტეს - მოურინიოს ინციდენტი შეემთხვა
ჟოზე მოურინიო ბოლო პერიოდში ძველებური შედეგების მიღწევით რომ გულშემატკივრებს ვერ ახარებს, ეს უკვე ძველი ამბავია. გამოცდილმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერის საწყის წლებში საოცარ შედეგებს მიაღწია, აშკარად მოუკლო, ხოლო მისი მეთოდები ძველებურად ვეღარ ამართლებს. ასეა „ბენფიკაში“ მუშაობის შემთხვევაშიც, რის გამოც დღეს მას სერიოზული ინციდენტი შეემთხვა.
ვარჯიშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, „ბენფიკას“ 200-მდე გულშემატკივარმა კლუბის ბაზის შესასვლელის ბლოკირება მოახდინა. მათი მთავარი მოთხოვნა კი მოურინიოსთან შეხვედრა და მისგან ახსნა-განმარტებების მოსმენა იყო. განსაკუთრებული აურზაური სწორედ ჟოზეს გამოჩენას მოჰყვა, რომლის მანქანასაც შიგნით არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 200 გულშემატკივრიდან სამი მათგანი ოფისში შევიდა, რომელთაც მოურინიოს გარდა, კლუბის ტექნიკური დირექტორი სიმაუ საბროსა და კაპიტანი ნიკოლას ოტამენდი შეხვდნენ, და სიტუაციის გამოსწორებას შეპირდნენ.
ცნობისათვის, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით „ბენფიკამ“ ყველა ტურნირზე გამართული ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო, გამოეთიშა პორტუგალიის თასსა და ლიგის თასს, ხოლო ჩემპიონატში ლიდერ „პორტუს“ 10 ქულით ჩამორჩება.