ხვიჩა კვარაცხელია, დანიელე ადანი
Aa
Aa

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ჰყავს | კასანო კვარაზე

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ Viva el Futbol Official-ის მორიგ „ლაივში'' იტალიის ეროვნული ნაკრების წარუმატებლობაზე ისაუბრა. ადანის შეფასება საკმაოდ კრიტიკული იყო. საინტერესოა, რომ მილანის ინტერის ყოფილმა მცველმა საქართველო ახსენა და აღნიშნა, რომ დღეს კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია.

ადანი:გრანდების დონეზე ვერ ვართ? არადა, სწორედ მათ უნდა ვუთანაბრდებოდეთ. ჩვენი ადგილი გერმანიის, ინგლისის, ესპანეთის, საფრანგეთისა და არგენტინის გვერდით უნდა იყოს. ჩვენ არა მხოლოდ ამ სიის მიღმა ვართ... გახსოვთ ძველი დრო, დისკოთეკებზე სიაში რომ გვამატებდნენ? ფეხბურთელები რომ ვიყავით, უკანა შესასვლელიდან პირდაპირ „პრივეში“ რომ შევყავდით? ბავშვობაში სულ იმის იმედი გქონდა, რომ სიაში მოხვდებოდი. ჩვენ ახლა სიაში კი არ ვართ, არამედ იმ მაგიდებთანაც კი აღარ გვიშვებენ, კლუბის გარეთ რომ დგას და იქიდან საცეკვაო მოედანიც კი არ ჩანს. ჩვენ საერთოდ ყველანაირი სიის მიღმა დავრჩით.

ამიხსენით, როგორ ხდება, რომ ყიდულობენ უზბეკს და ის მანჩესტერ სიტიში ძირითადში თამაშობს? ჰუსანოვი (უზბეკი და არა იტალიელი) ძირითადის კაცია. ან ქართველი... 2021 წელს, როცა ჩვენ მანჩინისთან ერთად ევროპას ვიგებდით, საქართველო საერთოდ არ ჩანდა რუკაზე, ახლა კი კვარაცხელიას სახით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ჰყავს.

ჩვენ ამ მოთამაშეებს, ამ სკოლებს ვეღარ ვმეტოქეობთ, მათ ვეღარ ვედრებით. ბიჭებო, ბარსელონამ რაიო ვალეკანოსთან ბოლო მატჩში ოთხი 2007 წელს დაბადებული ფეხბურთელი ათამაშა (ალაიბეგოვიჩის ტოლები): კუბარსი, ბერნალი, იამალი და ფორტი. 2007-იანი განაპირა მცველი რაიო ვალეკანოსთან! ხალხო, ბარსელონას, რომელსაც ახლა ბევრი რამის უფლება აღარ აქვს. ვეღარც იბრაჰიმოვიჩს შეიძენენ და ვეღარც დე იონგს, ერთ მომენტში უთხრეს: „ახალგაზრდებით უნდა იმოქმედო“.

აღნიშნულ გადაცემაში ანტონიო კასანომაც ისაუბრა: „რას აკეტებენ ჩვენზე ბევრად პატარა ქვეყნები, ნორვეგია იტალიაში ჩამოვიდა და ოთხი გოლი გაგვიტანა. თუნდაც საქართველო... ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგები იყვნენ. ამჟამად, ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, რომელიც პარი სენ-ჟერმენში თამაშობს''.

შეგახსენებთ, იტალიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ მუნდიალზე ვერ გავიდა. ამჯერად, გადამწყვეტ შეხვედრაში ბოსნიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები