„ევროპაში ყველაზე ცუდი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა“ | ჩეფერინიმ იტალიის კრახზე ისაუბრა
უეფას პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი, იტალიის საფეხბურთო ნაკრების ფიასკოს გამოეხმაურა. ჩეფერინიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, გაბრიელე გრავინა, დაიცვა და „სკუადრა აძურას“ მოთამაშეებსა და მთავარ მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„გრავინას ბრალი არაფერია და არც ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელზე მოვახდენდი შეტევას. იტალიელმა პოლიტიკოსებმა თავიანთ თავს უნდა ჰკითხონ, რატომ აქვს იტალიას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ევროპაში. როდესაც სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი, მთავარ მწვრთნელს ვეუბნებოდი: „თუ გაიმარჯვებთ, შენ და ფეხბურთელები გმირები გახდებით; თუ წააგებთ, ყველაფერი ჩვენ დაგვბრალდება.“
ბოსნია-ჰერცეგოვინამ მსოფლიოზე გასვლა დაიმსახურა. მათ ახალგაზრდა, ძლიერი გუნდი ჰყავთ და თან საშინაო კედლებში ითამაშეს. იტალიაზე დიდი წნეხი იყო, მაგრამ ბოსნია დამსახურებულად გავიდა.
მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც ელოდებიან, რომ რაღაც არასწორი მოხდეს, რის შემდეგაც გამოდიან და კრიტიკას იწყებენ. ისინი იტალიის მხარდამჭერები არ არიან, მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ. ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველამ შეიძლება თამაში წააგოს.“
შეგახსენებთ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და იტალიის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. „სკუადრა აძურა“ პენალტების სერიაში დამარცხდა, რომელიც 1:4 წააგო.