„არ ჰგავს გუნდს, რომელიც გასულ სეზონში დომინირებდა“ | დიუგარი პარი სენ-ჟერმენზე
კრისტოფ დიუგარი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ სათამაშო ფორმას გამოეხმაურა. ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ პსჟ აღარ ჰგავს გუნდს, რომელიც გასული სეზონის ბოლოს დომინირებდა და ლუის ენრიკეს ცვლილებები ესაჭიროება.
„პარი სენ-ჟერმენი არ არის იმ დონეზე, რასაც გასული სეზონის ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში აჩვენებდა. ეს გუნდი ნაკლებად დომინანტია, რაც ჩემთვის აშკარაა. ინდივიდუალურ დონეზე ფეხბურთელები ისე ვერ თამაშობენ, როგორც გასულ სეზონში. შეგვიძლია ეს ტრავმებით, ცუდი სათამაშო ფორმით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამო დასვენების ნაკლებობით ან სხვა მსგავს მიზეზებით ავხსნათ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი რეალობა გვაქვს.
პირადად მე ნაკლებად შეკრულ გუნდს ვხედავ, რომელიც კონტრპრესინგში ნაკლებად ეფექტიანია. არადა, ეფექტიანი კონტრპრესინგი გასული სეზონის პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე იყო. გუნდი თამაშობდა ინტენსიურ პრესინგს უსმან დემბელესთან ერთად. მისი დაბრუნება ამ მხრივ გუნდს აუცილებლად დაეხმარება. როდესაც გყავს ფეხბურთელი, რომელიც პრესინგს უსეინ ბოლტის მსგავსი სპრინტით იწყებს, ეს მცველებისთვის დამთრგუნველია. ისინი ყოყმანობენ და გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, რაც პარი სენ-ჟერმენს ეხმარება.
ლუის ენრიკეს გუნდმა თავისი ძლიერი მხარეები უნდა დაიბრუნოს. ბოლო შეხვედრებში ვერ დავინახე ინტენსივობა, აქტიურობა, ფიზიკურობა... ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმ დომინანტური პარი სენ-ჟერმენისგან — მსოფლიოს საუკეთესო გუნდისგან, რომელიც გასული სეზონის ბოლოს ვიხილეთ. თუმცა არაფერი არის შეუძლებელი.“
ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 1-ის 18 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. პსჟ მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს „ოსერის“ წინააღმდეგ გამართავს.