რედნაპი: ქინქლაძე სტადიონს მუხტავდა, თუმცა უბურთოდ ვერ ბრწყინავდა
ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი რედნაპიმ პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერად რაიან შერკის მან. სიტიში გადასვლა დაასახელა და მისი თაობის ფეხბურთელთან, გიორგი ქინქლაძესთან პარალელი გაავლო. რედნაპი ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ტექნიკა აღარ კმარა. შერკი ქინქლაძისგან იმით განსხვავდება, რომ დაცვით ფუნქციებსაც ასრულებს, რაც დღევანდელ პრემიერ ლიგაში ძალიან მნიშვნელოვანია.
ჯეიმიმ Sky Sports-თან საუბარში განაცხადა: „არასდროს იცი, როგორ შეეგუებიან მსგავსი სტილის მოთამაშეები პრემიერ ლიგას. შერკიმ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია თამაში როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე.
გინდა უყურო ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც სტადიონს მუხტავენ. გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში ნამდვილი ინდივიდუალისტი (maverick) იყო, თუმცა ბურთის გარეშე ვერ ბრწყინავდა. შერკი ამ მხრივაც ასრულებს თავის სამუშაოს.
ის ფანტასტიკური შენაძენი გამოდგა. ჩემთვის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია. მიყვარს ასეთი გამორჩეული მოთამაშეების თამაშის ყურება. ის ბურთს აამეტყველებს ხოლმე, თითქოს ბურთი მისი მეგობარი იყოს“.
ინგლისში ტერმინით Maverick მოიხსენიებენ ისეთ მოთამაშეებს, რომლებსაც არაორდინალური ნიჭი აქვთ, ხშირად არღვევენ ტაქტიკურ ჩარჩოებს და ინდივიდუალური ოსტატობით აოცებენ ხალხს.