ლა ლიგა 2-ში გულიაშვილის დებიუტი ლას პალმასთან არ შედგება | მიზეზი ცნობილია
ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში სანტანდერის რასინგი ლას პალმასს მიიღებს. სანტანდერულ კლუბში გიორგი გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან შედგა, ესპანეთის ჩემპიონატში პირველად დღეს უნდა ეთამაშა, თუმცა თამაშის უფლება არ აქვს.
ფეხბურთელს ბოსნიის ჩემპიონატში ყვითელი ბარათები დაუგროვდა და დისკვალიფიკაცია ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გადაჰყვა. ამიტომ, დღეს გულიაშვილის დებიუტი ლა ლიგა 2-ში არ შედგება. როგორც წესი, ფიფას წესებით, თუ მოთამაშე წითელ ბარათს ან დისკვალიფიკაციას იღებს ერთ ჩემპიონატში და ტრანსფერით გადადის სხვა ქვეყანაში, სასჯელი ძალაში რჩება და ახალ კლუბში გადაჰყვება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 3 ყვითელი ბარათი მიიღო, მათ შორის ორი - ბოლო ორ მატჩში.
რასინგი - ლას პალმასის მატჩი დღეს გაიმართება. გულიაშვილის დებიუტს 26 იანვარს, გრანადასთან მატჩში უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რუდი გალეტის ინფორმაციით, სარაევომ გულიაშვილი სანტანდერის რასინგში 2,5 მილიონ ევროდ გაყიდა, რაც ბოსნიური კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია. 2025 წლის თებერვალში სარაევომ 18 წლის მცველი ნედალ ჩელიკი ლიგა 1-ის ლანსში 2,5 მილიონ ევროდ გაასხვისა. ასე რომ, ჩელიკმა და გულიაშვილმა კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს — თითოეულის ტრანსფერი კლუბისთვის სარეკორდოა. ჯამში მათ სანაცვლოდ ბოსნიური კლუბი 5 მილიონს მიიღებს. გარიგების კიდევ ერთი საინტერესო პუნქტი: გალეტის ცნობით, სარაევო გულიაშვილის შემდეგი ტრანსფერიდან 15 პროცენტს მიიღებს.