გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან - რასინგი თასიდან გავარდა
სანტანდერის „რასინგში“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გულიაშვილის დებიუტი „ბარსელონას“ წინააღმდეგ შედგა. ქართველი ფეხბურთელის ახალმა გუნდმა, „კოპა დელ რეის“ 1/16 ფინალში კატალონიელებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 0:2 დამარცხდა, რის შედეგადაც გათამაშებას გამოეთიშა.
გიორგი გულიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე 60 წუთი გაატარა. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი შემტევი ესპანურ გუნდში ადაპტაციის პერიოდს გადის და „ბარსელონას“ სახით სერიოზული მეტოქე ჰყავდა, გოლის გატანის შანსი მაინც ჰქონდა. 30-ე წუთზე გულიაშვილი ხელსაყრელი პოზიციიდან ცდილობდა „ბლაუგრანას“ კარის აღებას, თუმცა საჯარიმოს მისადგომებიდან მისი დარტყმული ჟოან გარსიამ ხელებში დააფიქსირა.
საერთო ჯამში, გიორგი გულიაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 16 შეხება, 1 ზუსტი დარტყმა, 7-დან 7 ზუსტი პასი, 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 წარმატებული ვარდნა, 1 ჯარიმა, 2 თამაშგარე. Sofascore-ზე მისი თამაში 6.3 ქულით შეფასდა.

„ბარსელონამ“ ანგარიში 66-ე წუთზე, ფერან ტორესის გოლით გახსნა. თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე კი ლამინ იამალმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
„რასინგი“ მომდევნო შეხვედრას ლა ლიგა 2-ში გამართავს. ქართველი შემტევის გუნდი საკუთარ მოედანზე „ლას პალმასთან“ გამართავს. მატჩი 18 იანვარს, საქართველოს დროით 19:15 საათიდან დაიწყება.