ლუის ენრიკე: რას ელით? ყოველ წელს ყველაფერს ვერ მოვიგებთ
ლუის ენრიკემ ლიგა 1-ში „ლილთან“ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
- არის თუ არა „ლილთან“ მატჩი გარდამტეხი მომენტი ეჭვების გასაფანტად?
მართლა? არ მგონია. თუ ჩვენს გუნდზე ეჭვები არსებობს, მაშინ სჯობს საერთოდ დავნებდეთ! შემიძლია მივიღო ეჭვები, მაგრამ მათი არ მესმის. რა არის პრობლემა? გგონიათ, რომ ყოველ სეზონში ყველა ტიტულს მოვიგებთ? ფეხბურთი ასე არ მუშაობს. უნდა დავაფასოთ ის, რაც გავაკეთეთ და ის ტიტულები, რომლებიც მოვიგეთ. ამ პარასკევს დიდებულ გუნდს ვეთამაშებით. ხან კარგად ვთამაშობთ, ხან ნაკლებად, ეს მატჩზეა დამოკიდებული, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ იგივე გუნდი ვართ, რაც გასულ სეზონში.
- ბრედლი ბარკოლას დაგვირგვინების (ფინიშინგის) პრობლემა აქვს. შეიძლება ამის შეცვლა?
ფრთხილად უნდა იყოთ იმასთან, რასაც ვიტყვი. ყველა თავდამსხმელს შეუძლია დაგვირგვინების გაუმჯობესება. მათ ეს იციან, რადგან ყოველთვის ვეუბნები: მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის სფეროები, სადაც მოსამატებელი გვაქვს, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ჩვენ შეგვიძლია ამ კომპონენტებში განვითარება.
- შეიცვლება თუ არა ფიზიკური მომზადების გეგმა საფრანგეთის თასიდან გამოვარდნის გამო?
ეს სეზონი ყველა მოთამაშისთვის უჩვეულოა. მოგვიწია სათამაშო დროის განაწილება და ტრავმირებული ფეხბურთელების ფონზე მატჩების მართვა ყველა პოზიციაზე. გასულ სეზონთან შედარებით განსხვავებულ სიტუაციაში ვართ. საფრანგეთის თასზე ოთხით ნაკლები მატჩი გვექნება და, შესაძლოა, ორით ნაკლები ჩემპიონთა ლიგაზეც, თუ საუკეთესო რვა გუნდში მოვხვდებით. ეს ნიშნავს, რომ სავარჯიშო დატვირთვა სხვანაირი იქნება. ნაკლები მატჩების პირობებში განრიგის მართვა უფრო ადვილია და ტრავმების რისკიც მცირდება. ყოველ სამ დღეში თამაში იწვევს ზედმეტ დატვირთვას, კონტაქტებსა და ტრავმებს.
- როლან კურბისს, რომელიც ამ კვირაში გარდაიცვალა, უყვარდა ფეხბურთის ევოლუცია. თქვენ?
დიახ, გავიგე ეს ამბავი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. სპორტისთვის განვითარება მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ უფრო შემტევი, ფანებისთვის მიმზიდველი ფეხბურთისკენ. ძიება უნდა გავაგრძელოთ. სამი წლის წინ მოვისმინე მიშელ პლატინის ნათქვამი, რომ 11-ის ნაცვლად 10 მოთამაშით უნდა ვითამაშოთო. მე ღია ვარ ცვლილებებისთვის, სხვადასხვა რაღაცების ანალიზისთვის, რათა დასკვნები გამოვიტანოთ.
- კარგი მომენტია ახლა „ლილთან“ შეხვედრა Paris FC-ისთან მარცხის შემდეგ?
„ლილი“ ძალიან კარგი გუნდია. მათთან ყოველთვის გვიჭირდა. რთული იქნება. მატჩი უნდა მოვიგოთ, რათა სატურნირო ცხრილში პოზიციები გავაუმჯობესოთ.
- აპირებთ თუ არა შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ახალი მოთამაშეების დამატებით?
რა თქმა უნდა! ჩვენ ყოველთვის ღია ვართ სიახლეებისთვის, თუმცა ამას PFC-სთან (პარიზი) მარცხთან კავშირი არ აქვს. რასაც გუნდისგან ვხედავ, პოზიტიურია. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ.
- თუ ესაუბრეთ თქვენს ორ მოთამაშეს, რომლებიც აფრიკის თასის ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს - აჩრაფ ჰაკიმის (მაროკო) და იბრაჰიმ მბაიეს (სენეგალი)?
ისინი ისე დაიღალნენ ჩემი აქ ნახვით, რომ მათ თავს არ ვაბეზრებ (იცინის). ორივეს გამო ძალიან ბედნიერი ვარ. იმედია, ისიამოვნებენ ფინალით. ერთი მათგანი გაბრაზებული და გაღიზიანებული დაბრუნდება. საუკეთესოს ვუსურვებ. ვნახოთ, ვინ მოიგებს. ისინი მალე დაბრუნდებიან.
- როგორ გადაიტანეთ PFC-სთან გამოვარდნა?
ზღვარი გამარჯვებასა და მარცხს შორის ძალიან თხელია. PFC-სთან მოგებას ნამდვილად ვიმსახურებდით. წავაგეთ, ვიღებთ ამ შედეგს და მეტოქეს წარმატებებს ვუსურვებთ. იმედია, ეს მოტივაციას მოგვცემს ლიგისა და ჩემპიონთა ლიგისთვის, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირებია. თუმცა, ჩვენ გვიყვარს თასი და ეს მარცხი დასანანია.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა „ლილის“ მატჩი შაბათს, ჩვენი დროით 23:55-ზე დაიწყება.