ასპროცენტიანი ბითაძე - ორლანდო ლონდონში მემფისთან დამარცხდა
NBA London-ის ფარგლებში „მემფისი“ – „ორლანდოს“ შეხვედრას ამჯერად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა უმასპინძლა, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელების ყოველწლიური კომერციული პიარ სვლების შემადგენელი ნაწილია. უნდა აღინიშნოს, რომ „გრიზლისი“ მთელი მატჩის მიმდინარეობისას სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ სრულიად დამსახურებულად 126:109 გაიმარჯვა. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, „მეჯიქის“ ქართველი ლეგიონერი უშეცდომო იყო და ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა.
გოგამ პარკეტზე გატარებულ 15 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი და 2 დაფარება დააგროვა. მან საშუალო დისტანციიდან ოთხიდან ოთხი, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ერთიდან ერთი სროლა გამოიყენა. ექვსი მოხსნიდან ორი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და არც ერთი პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.
23 მოგებითა და 19 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში პლეი ინის ზონაში, ანუ მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „მეჯიქი“ საკუთარ დარბაზში „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავს, რომელიც 23 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.