მისთვის ქამრის ჩამორთმევას არ აპირებენ | UFC-ის გეგმები ილიასთან დაკავშირებით
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა, ბოლო დღეებში რამდენჯერმე განაცხადა, რომ ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ვაკანტური უნდა გახადოს. ამ საკითხთან დაკავშირებით ესპანელმა ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომ, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და საბრძოლო ორგანიზაციის გეგმებზე ისაუბრა.
კოლმენეროს თქმით, UFC არ აპირებს, „ელ მატადორს“ საჩემპიონო ქამარი ჩამოართვას და ვაკანტური გახადოს. ორგანიზაციის ხელმძღვანელები გეგმავენ, მას იმდენი დრო მისცენ, რამდენიც დასჭირდება, რომ ოჯახური პრობლემები მოაგვაროს და ოქტაგონში დაბრუნდეს.
როგორც ესპანელი ჟურნალისტი ამტკიცებს, საჭიროების შემთხვევაში UFC მზად არის, დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს ტიტულის დაცვაც ჩაუნიშნოს. ამ ქამრისთვის 25 იანვარს პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იჩხუბებენ.
ორგანიზაციას თოფურიას ვარსკვლავური სტატუსის სჯერა და არ სურს, სიტუაცია არიოს. შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ ბოლო ბრძოლა ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართა და პირველ რაუნდში მოპოვებული ნოკაუტით მოიგო. ილიას ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უსკატეგისთან, სასამართლო დავა აქვს და ამის გამო დროებითი პაუზა აიღო.