„მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები“ - მიქაუტაძის პრესკონფერენცია
ლა ლიგის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ბეტისს“ ესტუმრება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ქართველმა ფორვარდმა 2026 წლის შესანიშნავ სტარტზე და გუნდის ამოცანებზე ისაუბრა.
„სწრაფად გავიარე ადაპტაცია და კარგად მესმის, რასაც ითხოვს ჩემგან მწვრთნელი როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. გარდა ამისა, კარგი ურთიერთგაგება მაქვს თანაგუნდელებთან და ადაპტაციაში ესეც მეხმარება. მარსელინო ითხოვს, რომ მოედანზე სწორად განვლაგდე მაშინ, როდესაც გუნდი პრესინგს ახორციელებს და ასევე მაშინ, როცა ბურთს ვიბრუნებთ და სწრაფ კონტრშეტევაში გადავდივართ.
მქონდა საგოლე მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენე, და ჩემი თავისგან ყოველთვის მეტს ვითხოვ, ამიტომ ვაგრძელებ მუშაობას შეტევების დასრულებაზე. 100%-იანი ეფექტურობის მიღწევა შეუძლებელია და ეს კარგად მესმის, მაგრამ ვმუშაობ, რომ უკეთესად გამოვიყენო მომენტები. არასოდეს ვკმაყოფილდები მიღწეულით, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბედნიერი ვარ იმით, როგორ დავიწყეთ 2026 წელი და ამ წარმატებებში ჩემი წვლილით. იმედია, წინ კიდევ უფრო კარგი შედეგები გველოდება და ჩემი სტატისტიკაც გაუმჯობესდება.
რაც შეეხება „ალავესთან“ გატანილ გოლს, ძალიან მიყვარს მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება. შეგიძლიათ ამას „მიქაუტაძის საფირმო გოლი“ უწოდოთ. ასეთ სტილში არაერთი გოლი მაქვს გატანილი და ზოგადადაც ვცდილობ, რაც შეიძლება მრავალფეროვნად ვითამაშო - გავიტანო მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით, თავით... რთულად შესასრულებელი დარტყმებით გოლების გატანა ძალიან მიყვარს.
ლა ლიგა ჩემს სათამაშო სტილს ძალიან უხდება. აქ ძალიან ბევრი კარგი გუნდია და, თუ საფრანგეთის ჩემპიონატს შევადარებთ, ლა ლიგის ყველა გუნდს შეუძლია, ნებისმიერ მეტოქეს გაუწიოს წინააღმდეგობა. რაც შეეხება „ვილიარეალს“, [ამ დრომდე დაგროვებული ქულების მხრივ] ისტორიულ სეზონს ვატარებთ და ვცდილობთ, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ“.
ჩემპიონობა? რა თქმა უნდა, მეც, და მთელი გუნდიც, პირველ ადგილს ვუმიზნებთ, იმიტომ რომ ფეხბურთში არაფერია გამორიცხული. ბუნებრივია, ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა მატჩიდან მატჩამდე მივიწევთ წინ და მხოლოდ მოახლოებულ შეხვედრაზე ვფიქრობთ.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ეს ჩემთვის პირველი სეზონი იყო, ისევე როგორც „ვილიარეალის“ არაერთი ფეხბურთელისთვის. ახლა ჩვენი მოტივაციაა, რომ კარგად ჩავატაროთ დარჩენილი შეხვედრები ჩემპიონთა ლიგაზე, შემდეგ კი შევეცადოთ, მომავალი სეზონისთვის მოვიპოვოთ ჩემპიონთა ლიგის საგზური და ამ ტურნირზე ისევ ვიასპარეზოთ.
„ბეტისთან“ 3 ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ, ამის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“ ვუმასპინძლებთ და მხოლოდ შემდეგ ვიფიქრებთ „რეალზე“.
გოლების აღნიშვნა? როდესაც ჩემს მეგობარს Play Station-ს ვეთამაშებოდი, გოლი ასე აღვნიშნე და მას შემდეგ მოედანზეც ასე აღვნიშნავ გოლებს. რაც შეეხება ესპანური ენის სწავლას, მყავს მასწავლებელი და ვცდილობ, ვისაუბრო ესპანურად. ვფიქრობ, წინსვლა მაქვს და მალე მექნება შედეგი.
ცნობისთვის, 18 მატჩის შემდეგ „ვილიარეალი“ 41 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და „რეალს“ 4 ქულით, „ბარსელონას“ კი 8 ქულით ჩამორჩება (ორივე გრანდს ვილიარეალზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული).
რაც შეეხება მიქაუტაძეს, მის ანგარიშზე ლა ლიგაში 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ბეტისი-ვილიარეალის მატჩი 17 იანვარს, 23:55 საათზე დაიწყება.