„ძებრესთან მოდუნება გამორიცხულია“ - ნაბიჯი ისტორიულ შედეგამდე
რამდენიმე დღის წინ საქართველოს სარაგბო კლუბმა „შავმა ლომმა“ არსებობის ისტორიაში ევროპის ჩელენჯ თასზე მესამე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა პრემიალური ქულით პირველად მოიგო, რითაც პლეი ოფში გასვლის შანსი დაიტოვა. ქართველი მორაგბეები ბოლო ტურის წინ მხოლოდ საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებულნი და ჯგუფის სხვა მატჩების საბოლოო შედეგებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა „შავი ლომი“ ისტორიის დასაწერად და მომდევნო ეტაპზე პირველად გასასვლელად ბოლომდე ბრძოლას აპირებს, რაც კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ილია მაისურაძისა და კაპიტნის, მიხეილ ბაბუნაშვილის კომენტარებიდანაც კარგად ჩანს, რომელიც მათ რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდთან გააკეთეს.
ილია მაისურაძე
„კონახტთან“ დიდი ანგარიშით განცდილი მარცხის შემდეგ, ამ თამაშის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. შედეგად, საახალწლო არდადეგები მაქსიმალურად შევამოკლეთ, წაგებისგან სრულყოფილი დასკვნები გავაკეთეთ, ბიჭებმა ვარჯიშებზე ბოლომდე მოინდომეს და შედეგიც სახეზეა. წინ „ძებრესთან“ მატჩია და ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც „მონტობანთან“ პირველ ნახევარში. თუ ორივე ტაიმს თანაბარ დონეზე ვიასპარეზებთ, მაშინ ჩვენი წარმატების შანსები გაიზრდება.
მიხეილ ბაბუნაშვილი
2026 წელი კარგად დავიწყეთ და ევროპის ჩელენჯ თასზე ჯგუფიდან გასვლის შანსები დავიტოვეთ. რა თქმა უნდა „ძებრესთან“ სასურველი ანგარიშით გამარჯვება იოლი არ იქნება, მაგრამ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში მაინც ბევრს ნიშნავს. „მონტობანთან“ რაღაც მომენტში მოვეშვით, რაც კინაღამ ძვირად დაგვიჯდა. უნდა გავითავისოთ, რომ თამაში 80 წუთი გრძელდება და პროცესში ბოლომდე ვიყოთ ჩართულები.
ცნობისათვის, ფლეი ოფის საგზურის მოპოვებისთვის, დასკვნით ტურში „შავმა ლომმა“ იტალიური ‘ძებრე’ უნდა დაამარცხოს, თანაც ისე, რომ თავად ბონუს-ქულა მოიპოვოს, მეტოქეს კი ქულა (4 ლელოს გატანისთვის და 7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის) არ ააღებინოს. თამაში თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 17 იანვარს, 17:00 საათზე დაიწყება.