სამი ლელო საფრანგეთში - ქართველებმა წელი შედეგიანად დაიწყეს
საახალწლო არდადეგებით გამოწვეული პაუზის შემდეგ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონი Pro D2-ის გათამაშება XVI ტურის მატჩებით განახლდა და სამ შეხვედრაში ქართველმა მორაგბემ ლელო დადო. ამჯერად წარმატებას „ოიონას“, „მონ-დე-მარსანისა“ და „ბრივის“ ლეგიონერებმა, ვანო კარკაძემ, იოანე იაშაღაშვილმა და ვახტანგ აბდალაძემ მიაღწიეს, რომელსაც სხვათა შორის საქართველოს ნაკრების მომავალი დამრიგებელი პიერ-ანრი ბრონკანი წვრთნის.
„ოიონამ“ საკუთარ სტადიონზე „კარკასონი“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე 33:7 დაამარცხა და მასპინძლების წარმატებაში საკუთარი წვლილი ვანო კარკაძემაც შეიტანა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი 24-ე წუთზე აიღო. 25 წლის კარკაძისთვის, რომელმაც წლევანდელ სეზონში 9 მატჩი გამართა და ცხრავე შემთხვევაში შეხვედრა ძირითადში დაიწყო, ეს მიმდინარე სეზონში მეორე ლელო გახლდათ.
 
„მონ-დე-მარსანი“ სტუმრად ქართველი გულშემატკივრებისთვის და „შავი ლომისთვის“ კარგად ნაცნობ „ვანთან“ 29:47 დამარცხდა. თუმცა, ამაში იოანე იაშაღაშვილს ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვოდა, რომელიც საკმაოდ სასარგებლო იყო და 72-ე წუთზე დადებული ლელოთი სხვაობაც შეამცირა. 25 წლის მორაგბემ წლევანდელ პირველ დივიზიონში მოედანზე საერთო ჯამში 478 წუთი გაატარა და მეტოქის ჩათვლის მოედანი 3-ჯერ აიღო.
 
ბორჯღალოსნების მომავალი მთავარი მწვრთნელის, პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე „ბრივმა“ საკუთარ სტადიონზე ქომაგებს ნამდვილი შოუ შესთავაზა და „ბიარიცი“ 61:22 დაამარცხა. 69-ე წუთზე დადებული ლამაზი ლელოთი წარმატებაში საკუთარი წვლილი ვახტანგ აბდალაძემაც შეიტანა, რომელმაც წელს გამართული 10 მატჩიდან ხუთი ძირითადში დაიწყო, ხუთჯერ ცვლილებაზე შევიდა და თავი მეორედ გამოიჩინა.
 
ცნობისათვის, თექვსმეტი ტურის შემდეგ Pro D2-ის გათამაშებას 59 ქულით „ვანი“ ლიდერობს, რომელიც მეორეზე მყოფ „კოლომიეს“ 8 ქულით უსწრებს. მესამე-მეექვსე ადგილებზე კი, ანუ პლეი-ოფის ზონაში „პროვანსი“, „ვალანს რომანი“, „ოიონა“ და „ბრივი“ იმყოფებიან.