თოფურიას მომდევნო ბრძოლა - სავარაუდო თარიღი ცნობილია
UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურია, რომელმაც ყოფილ მეუღლესთან სასამართლო დავის გამო კარიერა დროებით შეაჩერა, ოქტაგონზე დაბრუნებას მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში გეგმავს.
ამის შესახებ „ელ მატადორმა“ ესპანელ რეპორტიორ ირატი პრატთან ინტერვიუში განაცხადა. თოფურიამ დააზუსტა, რომ დაბრუნების ზუსტი ვადები იმ გარემოებებზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
UFC-ის ჩემპიონი ოპტიმისტურად პირველმა სასამართლო სხდომამ განაწყო, რომელშიც მან გაიმარჯვა და სასამართლომ ყოფილ მეუღლეს ქალიშვილთან ერთად ესპანეთის დატოვება აუკრძალა. ჯორჯინა უზკატეგი ამტკიცებდა, რომ ქვეყნიდან წასვლა ინტერნეტში ბულინგის გამო სჭირდებოდა, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ მიიღო. აღინიშნა, რომ ავიაბილეთები თორმეტი დღით ადრე იყო შეძენილი, ვიდრე თოფურია იმ განცხადებას გამოაქვეყნებდა, რასაც მოგვიანებით მედიასა და MMA საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
24 იანვარს UFC-ის მსუბუქ დივიზიონს დროებითი ჩემპიონი ეყოლება, რომლის ვინაობაც ამერიკელი ჯასტინ გეიჯისა და ბრიტანელი პედი პიმბლეტის ორთაბრძოლაში გაირკვევა. ამ დაპირისპირების სათადარიგო (დამზღვევი) მებრძოლი კი არმან ცარუკიანი იქნება.