ტრაბზონსპორი სენტ-ეტიენს ესაუბრა - ზურიკოს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა
„სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშისა“ და „ფენერბაჰჩეს“ შემდეგ კიდევ ერთი თურქული კლუბის რადარებზე მოხვდა. გამოცემა Fanatik-ის ჟურნალისტის, საფა ჩან ქონუქსევერის ინფორმაციით, დავითაშვილის მიმართ ინტერესს „ტრაბზონსპორი“ იჩენს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ტრაბზონსპორის“ მთავარ მწვრთნელს, ფატიჰ თეკეს ზურიკოს თავის გუნდში ხილვა სურს, თუმცა თურქული კლუბის ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ ტრანსფერის განსახორციელებლად სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.
მიუხედავად ამისა, თურქული კლუბის წარმომადგენლები „სენტ-ეტიენის“ მენეჯმენტს დაუკავშირდნენ და ზურიკოს სატრანსფერო ღირებულებაზე იმსჯელეს.
ცნობისთვის, „ტრაბზონსპორი“ ამჟამად თურქეთის სუპერლიგის მესამე ადგილზეა. გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მეკარე ანდრე ონანაა (15 მილიონი ევრო), რომელიც „ტრაბზონსპორმა“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარით დაიმატა.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილის, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ მისი სახელი „ბეშიქთაშს“, „ფენერბაჰჩეს“, „ბენფიკასა“ და „ევერტონს“ დაუკავშირეს.