სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ორი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - მამუკელაშვილის 15 ქულა ბოსტონთან

ზედიზედ სამი შეხვედრის მოგების შემდეგ „ტორონტო“ NBA-ში დამარცხდა. კანადელებმა სტუმრად „ბოსტონთან“ 8-ქულიანი სხვაობით, 117:125 წააგეს, თუმცა სანდრო მამუკელაშვილს ამაში განსაკუთრებული ბრალი არ მიუძღვის. პირიქით, „რეპტორსის“ ქართველმა კალათბურთელმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი და 1 დაფარება დააგროვა. სანდრომ რვიდან შვიდი ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან მისი ერთი ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა. რვა მოხსნიდან ხუთი დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

23 მოგებითა და 16 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „რეპტორსი“ „ფილადელფიასთან“ გამართავს, რომელიც ორშაბათს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები