იანისმა ლებრონს აჯობა - ბერძენის გადამწყვეტი დაფარება ბოლო წუთზე
დღეს გამთენიისას NBA-ში გამართულ მატჩებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს, იმ ვარსკვლავებიდან გამომდინარე, რომლებიც ამ კლუბების ღირსებას იცავენ, „ლეიკერსი“ – „მილუოკის“ შეხვედრა იწვევდა და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იანის ანტენტუკოუნმპომ როგორც ლებრონ ჯეიმსს, ასევე ლუკა დონჩიჩს აჯობა და „ბაქსის“ გამარჯვება მეტწილად განაპირობა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შეხვედრის ბოლო წუთზე მომხდარი ორი ეპიზოდი, რომლის დროსაც იანისმა ლებრონს ჯერ კარგი ბლოკ-შოტი დაახვედრა, ხოლო შემდეგ დრიბლინგში ხელი შეუშალა.
უშუალოდ სტატისტიკურ მაჩვენებლებს რაც შეეხება, „ლეიკერსის“ მარცხის მიუხედავად, მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 33 წუთში დაგროვებული 26 ქულით, 9 მოხსნით, 10 ასისტითა და 3 ჩაჭრით ლებრონ ჯეიმსი გახდა. 36 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა, 9 ასისტი და 2 ჩაჭრა იყო ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე, ხოლო იანის ანტენტუკოუნპომ 31 წუთში თავი 21 ქულას, 6 მოხსნას, 5 ასისტს, 2 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა. ამ უკანასკნელმა თერთმეტიდან ცხრა ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო, დონჩიჩმა ექვსიდან ოთხი სამქულიანი, ცხრამეტიდან ოთხი ორქულიანი და რვიდან ოთხი საჯარიმო, ხოლო ლებრონმა შვიდიდან ორი სამქულიანი, თოთხმეტიდან რვა ორქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო.
ცნობისათვის, „მილუოკი“ 17 მოგებითა და 21 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეთერთმეტე ადგილს იკავებს, ხოლო „ლეიკერსი“ 23 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე პოზიციაზეა.