იეგოიანი პირველი გოლისას შეცდა | პსვ-მ ექსელსიორი გაანადგურა
ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში ლიდერმა პსვ-მ შინ „ექსელსიორი’’ 5:1 დაამარცხა. პირველი ტაიმის 39-ე წუთისთვის ანგარიში 4:0 იყო.
„ექსელსიორის’’ სასტარტოში ირაკლი იეგოიანმა 90 წუთი ითამაშა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მე-8 წუთზე, პირველი გოლისას შეცდა, პაულ ვანერის წინააღმდეგ დასწრებაზე ვერ ითამაშა, ვერც დარტყმა გაანეიტრალა და სწრაფი გოლი გაუშვეს.
პოზიტიური ნიშნებიც იყო, მუდმივად მოძრაობდა, დაცვაში დროულად ბრუნდებოდა, გუნდის შეტევების განვითარებაში აქტიურად მონაწილეობდა. კარისკენ დარტყმის წარუმატებელი მცდელობები ჰქონდა. პსვ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, ირაკლიმ ამდენად მაღალი დონის გუნდთან პირველად ითამაშა, კარგი გამოცდილება შეიძინა. ეს მატჩი შემდგომი პროგრესისთვის უნდა გამოიყენოს, როგორც კარგი გაკვეთილი.
ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში იეგოიანმა 14 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში), 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. მე-17 ტურში იეგოიანის გოლით „ექსელსირომა’’ „ზვოლე’’ დაამარცხა, 3 ქულა მოიპოვა და გასული წელი ასე დასრულდა.
Voetbalprimeur-ის ვერსიით, „აიაქსთან’’ და „ზვოლესთან’’ მოგებული მატჩების შემდეგ იეგოიანი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ასევე, „ზვოლესთან’’ მატჩის შემდეგ კრალინგენის ვარსკვლავის ჯილდო მიიღო, რომელიც „ექსელსიორის’’ დაწესებული პრიზია და კონკრეტულ მატჩში „ექსელსიორის’’ საუკეთესო მოთამაშეს გადასცემს.
ხაზი უნდა გავუსვათ კიდევ ერთ ფაქტს, მთავარი მწვრთნელი რუბენ დენ უილი დიდ ნდობას უცხადებს, მუდმივად სასტარტო 11-ში ამწესებს და მიმდინარე სეზონში 14-დან მხოლოდ ორ შეხვედრაში შეცვალა.