ფლიკი: “ბედნიერი ვარ და მომწონს ის, რასაც ვხედავ“
ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა ბილბაოს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ბლაუგრანამ იამალის ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 გაიმარჯვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.
ფლიკი:
„აქ თამაში მარტივი არ არის. ვფიქრობ, სამშაბათის მატჩის შემდეგ მოთამაშეების სათამაშო დრო სწორად უნდა გაგვენაწილებინა. გამარჯვებას ძალიან ვაფასებ. გარდა ამისა, კარი მშრალად შევინახეთ.
როგორც უკვე ვთქვი, პედრი ყველას უკეთესს ხდის. ის თამაშს ცვლის და გუნდს ძალიან კარგად აკავშირებს. ოლმომაც მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი გუნდი ერთიანად იბრძოდა.
როდესაც ჩვენს სტილში ვთამაშობთ, ხშირად ვახერხებთ თამაშის კონტროლს. ეს მთელი გუნდის დამსახურებაა — ყველა ერთად ვიცავთ თავს. მშრალი მატჩი თავდაჯერებას გვმატებს და ჩვენს სათამაშო ფილოსოფიასაც ეხმარება.
ჩემი ფეხბურთელებით ყოველთვის ვამაყობ. ამ გუნდში განსაკუთრებული ატმოსფეროა და ამას ძალიან ვაფასებ. მნიშვნელოვანია, როგორ არიან ერთმანეთთან, როგორ იქცევიან — ყველაფერი შესანიშნავია. ბედნიერი ვარ და მომწონს ის, რასაც ვხედავ.
ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგაც დავინახე კარგი დამოკიდებულება — სწორედ ამას ვეძებ და ამას ვხედავ. ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან ვარჯიშებზე. ასეთ სტადიონზე მოგება მარტივი არ არის, განსაკუთრებით ასეთი ძლიერი გუნდისა და შესანიშნავი გულშემატკივრების წინააღმდეგ. და ჩვენ კარი მშრალად შევინახეთ.“
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ბარსელონამ მადრიდის რეალს კვლავ 4 ქულით გაასწრო. შემდეგ ტურში, ბლაუგრანა სევილიას უმასპინძლებს. იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ნიუკასლს ესტუმრება.