მეკლსფილდის ზღაპარი - მე-6 ლიგის გუნდმა თასის მოქმედ გამარჯვებულს მოუგო
ინგლისის ასოციაციის თასი ყოველ წელს სენსაციებს გვთავაზობს და არც მიმდინარე გათამაშება გახდა გამონაკლისი - თასის მოქმედი გამარჯვებული „კრისტალ პალასი“ ასპარეზობას მე-6 ლიგის წარმომადგენელმა „მეკლსფილდმა“ გამოთიშა, რომელსაც უეინ რუნის უმცროსი ძმა ჯონ რუნი წვრთნის.
„კრისტალ პალასი“ ბურთს და სათამაშო ინიციატივას ფლობდა (72%), თუმცა სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდა: ოლივერ გლასნერს სურდა, თასის მესამე რაუნდში წამყვანი ფეხბურთელებისთვის დასვენების საშუალება მიეცა, ამიტომ ლიდერებიდან ძირითადში მხოლოდ მარკ გეჰი და იერემი პინო გამოჩნდნენ.
„მეკლსფილდმა“ ანგარიში პირველი თაიმის მიწურულს გახსნა, მეორე ტაიმში კი გლასნერმა მოედანზე ბრენან ჯონსონი, უილ ჰიუზი და ტაირიკ მიტჩელი გამოიყვანა, თუმცა შედეგი არც ამ სამმაგმა შეცვლამ გამოიღო. მე-60 წუთზე ჯონ რუნის გუნდმა უპირატესობა ორამდე გაზარდა, „პალასმა“ კი მხოლოდ 90-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა.
- „მეკლსფილდი“ მეექვსე ლიგის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც 2009 წლის შემდეგ პრემიერლიგის გუნდს ინგლისის თასზე ორი გოლი გაუტანა. 2009 წლის იანვარში ეს „კეთერინგ თაუნმა“ „ფულემთან“ მატჩში შეძლო.
- „მეკლსფილდამდე“ მეექვსე ლიგის გუნდმა თასის მოქმედი გამარჯვებული ასპარეზობას 118 წლის წინ გამოთიშა. ეს სწორედ „კრისტალ პალასმა“ გააკეთა, როდესაც 1908-09 წლების სეზონში თასის პირველ რაუნდში „ვულვერჰემპტონს“ მოუგო.
გუნდს საინტერესო ისტორია აქვს: „მეკლსფილდი“ 1871 წელს დაარსდა, მათი საუკეთესო შედეგი 2012-13 წლების სეზონში ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში გასვლაა, სადაც „მეკლსფილდმა“ მომავალ გამარჯვებულთან, „უიგანთან“ წააგო. 2020 წელს „მეკლსფილდი“ გაკოტრდა, მას შემდეგ რაც კლუბის ვალებმა ნახევარ მილიონ გირვანქას გადააჭარბა. კლუბი ბიზნესმენმა რობერტ სმეტერსტმა შეიძინა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ნასვამ მდგომარეობაში მიიღო და საერთოდ არ იცოდა, როგორ უნდა ემართა საფეხბურთო კლუბი.