იმედი მაქვს, თავის შვილს ნახავს | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა, რომელიც წარსულში ილია თოფურიასთან დაპირისპირებული იყო, THE MMA GURU-სთან ინტერვიუში ქართველ მებრძოლთან დაკავშირებით ისაუბრა.
პიმბლეტი ილიაზე: „არასდროს მინდოდა ვინმეს ჩემი ოჯახი ეხსენებინა, ამიტომ არც მე ვაკეთებ ამას სხვების მიმართ. ჩვენ ასე არ ვიქცევით. მებრძოლები ვართ, შეგვიძლია ერთმანეთზე რაც გვსურს ის ვთქვათ, მაგრამ ოჯახის ხსენება წელსქვემოთ დარტყმაა. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება და ის თავის შვილს ნახავს.“
მიმდინარე კვირაში, 7 იანვარს, ილია თოფურია სასამართლოში მივიდა და ჩვენება მისცა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ „ელ მატადორი“ ჟურნალისტებს შეხვდა და მოკლე კომენტარი გააკეთა: „ძალიან მშვიდად ვარ და სტრესის ქვეშ საერთოდ არ ვიმყოფები. სტრესში არ ვარ, რადგან ჩემს ქალიშვილს ძალიან მალე ვნახავ. ჩემთვის პრიორიტეტული შვილები და ოჯახი არიან.''
შეგახსენებთ, პიმბლეტმა ილიასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის კომენტარი გასულ თვეში ESPN Deporte-თან ინტერვიუში გააკეთა: „ილიას ახლა პირად ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ამას არაფერი აქვს საერთო ჩემსა და მის ჩხუბთან. ეს მისი ოჯახია და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი მისთვის იდეალურად დასრულდება.
მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ ოქტაგონში მალე დაბრუნდეს და ვიბრძოლოთ. მაგრამ არავინ იცის როდის დაბრუნდება... თუ ივნისამდე, ან ივლისამდე ვერ შეძლებს დაბრუნებას, შეიძლება ქამრის დათმობა მოუწიოს. მე კი უდავოდ გავხდები ჩემპიონი ბრძოლის გარეშეც კი.“