დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

„უნდა, რომ ქართულ რაგბიზე წარმოდგენა შეცვალოს“ - Irish Times-ის სტატია ნინიაშვილზე

შაბათს, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, დავით ნინიაშვილის „ლა როშელი“ სარაგბო ჩემპიონთა თასის მესამე რაუნდში „სტუმრად“ ირლანდიურ „ლეინსტერს“ დაუპირისპირდება.

მოახლოებული შეხვედრის ფარგლებში, ქართველი მორაგბე გავლენიანი ირლანდიური გამოცემა The Irish Times-ის ყურადღების ცენტრში მოექცა და ჟურნალისტმა ჯონ ო’სალივანმა ნინიაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

რა წერია The Irish Times-ის სტატიაში:

დავით ნინიაშვილი განსაკუთრებული თავდაჯერებულობით თამაშობს, რასაც მისი თანდაყოლილი ნიჭი კვებავს. იგი არც ქებას გაურბის და არც სხვების აზრზეა დამოკიდებული, რაც გარკვეულწილად მის რაგბისადმი მიდგომასაც ასახავს.

23 წლის ქართველმა ფულბეკმა საკუთარი ფილოსოფია ასე შეაჯამა: „თამაშისას წნეხს არ ვგრძნობ. არასდროს ვუსმენ იმას, რასაც მეტოქეები ამბობენ. მოედანზე დადებითი მუხტის მოსატანად და სიამოვნებისთვის გამოვდივარ“.

„ლეინსტერის“ გულშემატკივრებს მისი ხილვის შესაძლებლობა შაბათს, „ავავა სთედიუმზე“ ექნებათ, სადაც ჩემპიონთა თასის ფარგლებში რონან ო’გარას „ლა როშელი“ ძველ მეტოქეს დაუპირისპირდება.

ქართულ რაგბზე საუბრისას, ძირითადად, აქცენტი ყოველთვის მძლავრ შერკინებაზე კეთდება, რომლის წარმომადგენლებიც ევროპულ ლიგებში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, დიდი მოთხოვნით სარგებლობენ. თუმცა, ნინიაშვილს ამ სტერეოტიპის შეცვლა სურს: „მინდა ქართული რაგბი წინ წავწიო და მსოფლიოს ვაჩვენო, რომ ქართველებს კარგი უკანახაზელებიც გვყავს და არა მხოლოდ ფორვარდები“.

გასულ ზაფხულს, როდესაც ირლანდიის ნაკრები თბილისს ესტუმრა, ნინიაშვილი ირლანდიელთა მთავარი განხილვის თემა იყო. ჯეიმი ოსბორნი მას „შესანიშნავ შემტევ საფრთხედ“ მოიხსენიებდა, კრეიგ ქეისი კი „უმაღლესი კლასის მოთამაშედ“ თვლიდა, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები „Top 14“-სა და ევროთასებზე უკვე დაამტკიცა.

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიასთან მატჩში მას ბევრი სივრცე არ მისცეს, ნინიაშვილის ფიცხი ხასიათი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოვლინდა, სადაც მას ჟურნალისტთან მწვავე შელაპარაკება მოუვიდა. ეს თავდაჯერებული და ხშირად იმპულსური ბუნება, შესაძლოა, მისი განვლილი გზიდან მოდიოდეს – მან საქართველო 18 წლის ასაკში დატოვა და „ლიონის“ აკადემიაში გადავიდა, რაც უცხო გარემოში დამკვიდრებისთვის დიდ სულიერ სიმტკიცეს მოითხოვდა.

„ლიონის“ ყოფილი მწვრთნელი, რიჩი გრეი იხსენებს, რომ ნინიაშვილმა პირველივე დღეებიდან მოახდინა შთაბეჭდილება: „სამი დღის შემდეგ მივხვდით, რომ ის აკადემიის დონის მოთამაშე არ იყო, ის ფენომენალური ტალანტია“. მისი თქმით, 19 წლის ასაკში „Top 14“-ის სრული სეზონის ჩატარება და გუნდის საკვანძო მოთამაშედ ქცევა დაუჯერებელი მიღწევა იყო.

ოთხწლიანი „ლიონური“ კარიერის შემდეგ, ნინიაშვილი გასულ ზაფხულს „ლა როშელს“ შეუერთდა, რაც რონან ო’გარას გუნდისთვის სერიოზული გაძლიერება აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში მან უკვე 12 მატჩი ჩაატარა და 6 ლელო გაიტანა. მისი მრავალმხრივობა იქიდანაც ჩანს, რომ იგი თანაბარი წარმატებით თამაშობს როგორც ფულბეკის, ისე ორივე ფრთის პოზიციაზე.

ნინიაშვილი არ მალავს თავის ამბიციებს და აღნიშნავს, რომ „ლა როშელში“ გადასვლა ჩემპიონთა თასისა და საფრანგეთის ჩემპიონატის მოგების სურვილმა გადააწყვეტინა. მას მოსწონს ო’გარას პირდაპირი სტილი და გუნდში არსებული გარემო. საინტერესოა, რომ ახლა ის თავისი ბავშვობის კუმირის, დილინ ლეიდსის გვერდით თამაშობს.

შაბათს „ლეინსტერი“ შეეცდება მაქსიმალურად შეზღუდოს მისი თავისუფალი სივრცე და დრო, რადგან ნინიაშვილისნაირი მოთამაშისთვის მიცემული ნებისმიერი შანსი, შესაძლოა, მეტოქისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.

სარაგბო ჩემპიონთა თასზე „ლა როშელს“ ორი მატჩი აქვს ჩატარებული - ერთში მოიგო, მეორეში კი დამარცხდა. 6-გუნდიან სატურნირო ცხრილში ნინიაშვილის გუნდი 5 ქულით მე-4 ადგილზეა, „ლეინსტერი“ კი 2-დან 2 გამარჯვებით 9 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება. „ლეინსტერისა“ და „ლა როშელის“ მატჩი 10 იანვარს, საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანში ან ტურინში კვარაცხელიას იანვარში არ გაყიდდნენ“ | Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი
„მილანში ან ტურინში კვარაცხელიას იანვარში არ გაყიდდნენ“ | Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი