ცნობილია, ვინ იქნება ბორჯღალოსნების ახალი მწვრთნელი
ცნობილი სარაგბო პორტალის, Free Rugby-ის ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს გამოცდილი ფრანგი სპეციალისტი, პიერ-ჰენრი ბრონკანი უხელმძღვანელებს. 51 წლის მწვრთნელი „ბორჯღალოსნებს“ სათავეში 2026 წლის ივნისიდან ჩაუდგება და წინასწარი კონტრაქტით, ჩვენს გუნდს მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაწვრთნის.
სააგენტო ამტკიცებს, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა გადაწყვეტილება რამდენიმე კვირიანი განხილვისა და საკმაოდ რთული შერჩევის პროცესის შემდეგ მიიღო. ბრონკანის კანდიდატურამ ორგანიზაცია დაარწმუნა, რომ მას შეუძლია გაამყაროს გუნდის ძირითადი სათამაშო კომპონენტები და ამავდროულად, ხელი შეუწყოს ქართული რაგბის განვითარებას საერთაშორისო ასპარეზზე.
აღსანიშნავია, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო — კანდიდატებს შორის განიხილებოდნენ ევროპული რაგბის ისეთი ცნობილი სპეციალისტები, როგორებიც არიან ფრანკ აზემა და უორენ გატლანდი.
ბრონკანისთვის, რომელიც აქამდე ძირითადად ფრანგულ კლუბებში მოღვაწეობდა, საერთაშორისო დონეზე ახალი გამოწვევაა. ფრანგ სპეციალისტს ნაკრები აქამდე არასდროს გაუწვრთნია, თუმცა, 2023 წლის მსოფლიო თასზე ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.
ბრონკანის სამწვრთნელო შტაბში ასევე იქნება იტალიელი სპეციალისტი მარკო ბორტოლამი. ყოფილი მეორე ხაზელი, რომელიც ბოლოს „სეილ შარქსში“ მუშაობდა, საქართველოს ნაკრებში შერკინების მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს. ასევე, საგულისხმოა, რომ ბრონკანის დანიშვნამდე ბორტოლამი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალ სეზონში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს.