ასე მოვიპოვე სანიოლის ნდობა | როგორ დაეხმარა ვილი ახალგაზრდა მცველს
35 წლის ფეხბურთელმა სედრიკ იამბერემ იუთუბის არხთან, Ondes Bordelaises-თან ინტერვიუში „ბორდოში’’ ვილი სანიოლთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა, თუ როგორ დაეხმარა ვილი პროფესიულ ფეხბურთში ადაპტირებაში.
სედრიკ იამბერე: „დაუჯერებელი იყო, წინა ღამით თითქმის არ გძინავს. მშობლები მამშვიდებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. 3-0 წავაგეთ. თამაშისას დავჯარიმდი და პენალტი დაინიშნა, ეს მარკო ვერატის წინააღმდეგ მოხდა. მეორე დღეს მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოვიდა ჩემთან მატჩის განსახილველად. ვუთხარი რომ ძალიან გამიჭირდა. მითხრა რომ ასე ხდება ხოლმე და თავის სადებიუტო მატჩში ის საერთოდ შესვენებაზე შეცვალეს. მკითხა, რამდენი შეცდომა დავუშვი, ვუპასუხე, რომ ალბათ რამდენიმე... მან მიპასუხა: არა, მხოლოდ ერთი...
ესაა მთავარი, ნელ-ნელა მოვიპოვე მწვრთნელის ნდობა, რამაც საშუალება მომცა... მასთან და მის ასისტენტებთან საუბარი და აზრების გაცვლა შეგეძლო. მაინც ვილი სანიოლია... მოკლედ, ამ პირველ მატჩში იყო ბევრი სტრესი, ბევრი აღელვება, დიდი მონდომება და ეს ყველაფერი უნდა მოთოკო. გარშემო სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები არიან, რომლებიც გეხმარებიან სიმშვიდის შენარჩუნებაში, რადგან ეს მხოლოდ ფეხბურთია. შენც გინდა, რომ რაღაც დაამტკიცო... მოწინააღმდეგე მხარეს დიდი კონკურენტები და ჩემპიონები არიან, მაგრამ...
როცა მოდიხარ, ცოტა დათრგუნული ხარ, ეს „პარკ დე პრენსია“. ისედაც, „ბორდოს'' სტადიონი შთამბეჭდავია, მაგრამ როცა გასვლით თამაშებზე გადიხარ, იქაური ატმოსფერო ძალიან ცხელია. იმ პერიოდში პსჟ-სთან ჯერ კიდევ დიდი მეტოქეობა იყო. თავიდან ცოტა დაბნეული ხარ, მერე თავს იმშვიდებ. უნდა გაითვალისწინო რომ ამ სფეროში სრულიად ახალი ხარ, ამიტომ ყველაფერი უნდა აითვისო, რისი ათვისებაც შეიძლება.“
სანიოლის მწვრთნელობისას იამბერემ „ბორდოში’’ 52 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა (2014-16 წლებში).
ამპლუით ცენტრალური მცველი „ბორდოშია'' დაბადებული, ამ კლუბის აღზრდილია, „ბორდოს'' მთავარ გუნდში 2014-17 წლებში თამაშობდა. 2024 წლის ზაფხულში, როცა „ბორდო'' სამოყვარულო ლიგაში დააქვეითეს, იამბერე მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და მას შემდეგ „ბორდოსთვის'' თამაშობს. ამჟამად, „ბორდო'' საფრანგეთის რანგით მე-4 ლიგაშია.