ქულები, მოხსნები, ასისტები - თებერვლის სანაკრებო სტატისტიკა
ხვალ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას გამართავს. ალექსანდრ ჯიკიჩის მომზადებული კალათბურთელების მეტოქე კოპენჰაგენში ადგილობრივი დანიის გუნდი იქნება. როგორც დაგეგმილი იყო, ნაკრებს დღეს შეუერთდა კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც გუშინ ევროლიგაში ითამაშა. საქართველოსა და დანიის ნაკრები გუნდები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც შეხვდნენ. კოპენჰაგენში დანიელებმა გაიმარჯვეს, თბილისში კი ქართველებმა. ორივე შეხვედრაში ჩვენი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო. სტატისტიკის მოყვარულებისთვის ბუნებრივია ყურადღებამისაქცევია ყველანაირი დამთხვევები და საინტერესოა ფაქტები.
2021 წლიდან დღემდე ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა თებერვალში 10 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო, 6 შემთხვევაში კი დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელებმა 2022 წლის 24 და 27 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდი ჯერ საკუთარ დარბაზში 91:70, ხოლო შემდეგ სტუმრად 79:65 დაამარცხეს. 2023 წლის 23 თებერვალს, ჩვენი ქვეყნის გუნდმა სტუმრად ნიდერლანდებს (88:80), 2025 წლის 21 თებერვალს კი თბილისში დანიას (62:60) აჯობა, რაც წინა კონტინენტის პირველობის საგზურის მომტანი აღმოჩნდა.
რაც შეეხება მარცხებს, 2021 წლის 19 და 21 თებერვალს ჩვენზე ძლიერი სერბეთის (66:92) და ფინეთის (70:78) ეროვნული გუნდები აღმოჩნდნენ. 2023 წლის 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან (77:80) ვერაფერი გავაწყვეთ. დავმარცხდით 2024 წლის თებერვალში გამართულ ორივე მატჩში დანიელებთან (69:75) და სერბებთან (63:76), ხოლო შარშან ჩვენთვის უკვე უმოტივაციო თამაშში ბელგრადში იმავე სერბეთთან (54:63) წავაგეთ.
რაც შეეხება ცალკეულ კალათბურთელებს, თებერვლის თვეში ჩატარებულ 10 მატჩში სამივე ძირითად საკალათბურთო კომპონენტში (ქულა, მოხსნა, პასი) საქართველოს ნაკრებში საუკეთესო გიორგი შერმადინი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც ჯამში 130 ქულა, 81 მოხსნა და 18 ასისტია. 36 წლის გიორგიმ ნოემბერში ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა და რამდენად დიდი დანაკლისი იქნება მისი არყოფნა, ეს ამ სტატისტიკური მაჩვენებლებითაც ძალიან კარგად ჩანს.
დაგროვებული ქულების რაოდენობით შერმადინის უახლოესი მდევარი თორნიკე შენგელია (109), დუდა სანაძე (93) და თადეუს მაკფადენი (87) არიან. მოხსნებში მეორე-მესამე-მეოთხე ადგილებს შენგელია (38), დუდა სანაძე (33) და კახა ჯინჭარაძე (33) ინაწილებენ, ხოლო ასისტების რაოდენობით შერმადინი თანალიდერია, რადგან მის მსგავსად, გიორგი ცინცაძის ანგარიშზეც 18 პასია. ეს დუეტი გივიკო ბაქრაძეს (17), შენგელიას (16) და მიხეილ ბერიშვილს (16) უსწრებს.