ბენფიკა პრესტიანის აღიარებას უარყოფს - კლუბის ოფიციალური განცხადება
„ბენფიკამ“ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ჯანლუკა პრესტიანიმ რასისტული შეურაცხყოფა აღიარა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასა“ და „რეალს“ შორის გამართული პირველი მატჩის დროს, მადრიდელთა გარემარბმა ვინისიუსმა არბიტრ ფრანსუა ლეტექსიეს უთხრა, რომ პრესტიანიმ მას „მაიმუნი“ უწოდა, თან ამ დროს პირი მაისურით ჰქონდა დაფარული. „არწივების“ შემტევმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ბრაზილიელისთვის რასისტული შეურაცხყოფა არ მიუყენებია. უეფამ არგენტინელი საპასუხო შეხვედრიდან მოკვეთა.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პრესტიანიმ გუნდელებთან აღიარა, რომ ვინისიუსის მიმართ რასისტული შეურაცხყოფა გამოიყენა, თუმცა დასძინა, რომ თავად რასისტი არ არის.
„ბენფიკა“ კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
„როგორც უკვე აღინიშნა, მოთამაშემ ბოდიში მოუხადა გუნდელებს მადრიდის „რეალთან“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო, გამოხატა სინანული მისი მასშტაბებისა და შედეგების გამო და ყველას დაუდასტურა - ისევე, როგორც თავიდანვე, რომ ის არ არის რასისტი“,
- ნათქვამია პორტუგალიური კლუბის განცხადებაში.